დამალაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის ერთადერთ სომხურენოვან სოფელში, იმიგრაცია ყოველწლიურად იზრდება. დამალას მაცხოვრებლები, რომლებმაც სოფელი ათწლეულების წინ დატოვეს, არა მხოლოდ ბრუნდებიან, არამედ ახალ სახლებსაც აშენებენ. ამ სოფელში როგორც ახალგაზრდები, ისე მოხუცები ერთხმად ირწმუნებიან, რომ პრობლემები არ აქვთ, და უკვირთ კიდეც პრობლემების შესახებ დასმული კითხვები.
დამალა ცნობილია თავისი შრომისმოყვარე ადამიანებით, ნაყოფიერი მიწებით, თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და მდიდარი სომხური ტრადიციებით.
სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ სოფელი ყოველწლიურად ვითარდება და კეთილმოწყობილი ხდება, რის წყალობითაც დღეს დამალაში განსაკუთრებული და იმედისმომცემი ფენომენი შეინიშნება. დამალას ბევრი მცხოვრები, რომლებიც ათწლეულების წინ სამუშაოს საძიებლად რუსეთში ან სხვა ქვეყნებში წავიდნენ, ახლა მშობლიურ სოფელში ბრუნდებიან.
როგორც ასპინძის მერის წარმომადგენელმა სოფელ დამალაში, მარტინ კერექციანმა აღნიშნა, ამჟამად სოფელში დაახლოებით 1200 ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც, ძირითადად, მიწათმოქმედებითა და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი; ზოგიერთი მათგანი სეზონურად მიდის უცხოეთში სამუშაოდ, ხოლო ზოგიერთი, ვინც გადასახლებული იყო, უკან ბრუნდება.
„ამ ყველაფრის პარალელურად, დიდი სიხარულით უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დროს სოფელში ახალი სახლების მშენებლობა საგრძნობლად გაიზარდა. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ძველი სახლების შეკეთების ნაცვლად, ახლებს აშენებენ“, — განაცხადა მარტინ კერექციანმა.

IMG_0148

IMG_0005
მარტინ კერექციანისა და სოფლის მაცხოვრებლების თქმით, ახალ სახლებს ის ადამიანები აშენებენ, რომლებმაც ათწლეულების წინ დატოვეს სოფელი და სამუშაოდ სხვა ქვეყნებში გადავიდნენ.
„გასულ წელს 3 სახლი აშენდა, წელს კი კიდევ 5 შენდება. ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია“, — განაცხადა მარტინ კერექციანმა.

IMG_0022

IMG_0010

დამალაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს დაბრუნება მნიშვნელოვანი სიგნალია ახალგაზრდა თაობისთვისაც. ეს აჩვენებს, რომ საზღვარგარეთ გატარებული მრავალი წლის შემდეგაც კი შესაძლებელია საკუთარ ფესვებთან დაბრუნება და მშობლიური სოფლის განვითარებაში წვლილის შეტანა.
ყოველ ახალ სახლი დამალაში არ არის უბრალოდ ნაგებობა — ის სოფლის ხვალინდელი დღისადმი ნდობის, იმედისა და რწმენის სიმბოლოა.
„ახალგაზრდების უმეტესობა სოფელში ბრუნდება. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, ვინც დიდ ქალაქებში ცხოვრებას ამჯობინებს, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც უკან ბრუნდება“, — განუცხადა Jnews-ს ასპინძის საკრებულოს დეპუტატმა, ემინ პალოიანმა.
მან ასევე ისაუბრა იმ მომავალ პროექტებზე, რომლებიც სოფელში განხორციელდება. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია მუზეუმის მშენებლობა, სადაც სოფლის ის ძველი ნივთები შეინახება, რომლებიც რემონტებისა და კეთილმოწყობის პარალელურად, თანდათან ქრება.
სოფლის ქუჩებში სეირნობისას შევცადეთ გაგვერკვია, თუ რა პრობლემებს აწყდებიან ადგილობრივები. სოფლის ცენტრსა და კულტურის სახლის წინ შეკრებილმა მაცხოვრებლებმა გვითხრეს:
„პრობლემები არ გვაქვს, ქუჩები ასფალტირებულია, ღამით განათებაა, საქმეც გვაქვს“.
ხოლო საკუთარ ეზოში მომუშავე ქალმა ცოტა გაკვირვებულმა გვიპასუხა:
„რა პრობლემები? ჩვენს სოფელში არანაირი პრობლემა არ არის. ყველაფერი კარგადაა. ვმუშაობთ და ვცხოვრობთ. სოფლის ქუჩები ასფალტირებულია, ხიდსაც კი აშენებენ. ჩვენი სოფლის პირობებით კმაყოფილები ვართ. ჩვენი სოფელი საუკეთესოა რეგიონში“.
არსენი 13 წლის მოზარდია. ის მაშინ გავიცანით, როდესაც სოფლის ქუჩებში თან გვახლდა. კითხვაზე, თუ სად უნდა ცხოვრება, როცა გაიზრდება, არსენმა უპასუხა:
„როცა გავიზრდები, რუსეთში წავალ ბიძაჩემთან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები. ძალიან მიყვარს ჩვენი სოფელი“.

IMG_0006

IMG_0012

სოფელი 1829 წელს დაარსდა და დღემდე შეინარჩუნა თავისი თვითმყოფადობა და ძლიერი თემური სული. იგი გარშემორტყმულია ტყეებით და გამოირჩევა რბილი კლიმატით, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის მეხილეობისა და მებოსტნეობისთვის.