„არავინ იცის, რამდენად უსაფრთხოა გამოწერით საქართველოში შემოტანილი პროდუქცია — ეს საქონელი საერთოდ არანაირ კონტროლს არ გადის“, — განაცხადა კომპანია Tax&Legal Solutions-ის ხელმძღვანელმა, ზურაბ ძნელაშვილმა რადიო „პალიტრანიუსისა“ და „პალიტრის“ გადაცემაში „იგივე“.

მისი თქმით, ადგილობრივი სექტორი ორმაგი კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებს, მაშინ როდესაც ბაზარზე გლობალური მიწოდება სრულიად უკონტროლოდ ხდება.

„საქართველოში სრულად კონტროლდება მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი კანონმდებლობა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური რეგლამენტი. ამას, ერთი მხრივ, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო აკონტროლებს, ხოლო მეორე მხრივ — კონკურენციის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამსახური“.

ადგილობრივი საწარმოები ამ თვალსაზრისით სრულად ექვემდებარებიან კონტროლს, ანუ ექცევიან ადგილობრივი რეგულირების ქვეშ, მაშინ როდესაც საერთაშორისო ონლაინ-სავაჭრო პლატფორმებიდან შეკვეთილი საქონელი საერთოდ არ ექვემდებარება კონტროლს — არც მომხმარებელთა უფლებების დაცვის და, მით უმეტეს, არც უსაფრთხოების კუთხით.

დაფიქსირდა ბაზრიდან სახიფათო საბავშვო სათამაშოების, აალების რისკის შემცველი ელექტრომოწყობილობებისა და ტყვიის ან ტოქსიკური ნივთიერებების მაღალი შემცველობის მქონე სახიფათო კოსმეტიკის გაწვევის მრავალი შემთხვევა. საიდან მოხვდა ეს ყველაფერი საქართველოში?

როდესაც ადგილობრივ საწარმოს შემოაქვს საქონელი, ის ვალდებულია გაიაროს საბაჟო კონტროლი და კონტროლი ადგილობრივ გაყიდვის პუნქტებში. არსებობს ორი მაკონტროლებელი ორგანო – საბაჟო და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო, მაგრამ რაც შეეხება გამოწერას, არავინ იცის, რამდენად უსაფრთხოა საქართველოში შემოტანილი საქონელი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ბავშვებისთვისაა ხელმისაწვდომი.

„ეს აბსოლუტურად უკონტროლო პროცესია. ადგილობრივ ონლაინ-შესყიდვებსა და ადგილობრივ მაღაზიებში საქონლის შეძენას აქვს ის უპირატესობა, რომ თქვენ, როგორც მომხმარებელი, დაცული ხართ როგორც მომხმარებლის უფლებების, ისე პროდუქციის უსაფრთხოების თვალსაზრისით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მიკვლევადია — იცით, ვისგან იყიდეთ და ვის მოსთხოვოთ პასუხი“, — აღნიშნა ზურაბ ძნელაშვილმა.