საქართველოსა და სომხეთს შორის, ტურიზმის გარდა, ყველა ეკონომიკური პარამეტრი გაზრდილია. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 49.5%-ით, ფულადი გზავნილები 3.5%-ით, ინვესტიციები 30% არის გაზრდილი, ხოლო ტურიზმი 11.2%-ით შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, (“როსსელხოზნადზორმა”) სომხეთიდან ყველა საკარანტინო პროდუქტის, მათ შორის, ადგილობრივი და რეექსპორტირებული საქონლის იმპორტი 12 ივნისიდან აკრძალა. აკრძალვა, ასევე, რუსეთის გავლით ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში ტრანზიტზე ვრცელდება. შეზღუდვები ძალაში დარჩება მანამ, სანამ გადაზიდული პროდუქციის უსაფრთხოებისა და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად ალგორითმი არ შემუშავდება.

ამასთან, მანამდე, 22 მაისიდან სომხეთიდან იმპორტის დროებითი აკრძალვა ყვავილებსა და მინერალურ წყალს შეეხო. ასევე, შეზღუდვებს დაექვემდებარა სომხური კონიაკი, ღვინო, ცოცხალი თევზი და თევზპროდუქტები. 30 მაისს სომხური პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანილისა და მარწყვის მიწოდება „რუსეთის ტერიტორიის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის მიმართ საფრთხის“ გამო შეჩერდა. ივნისში კი, “როსსელხოზნადზორის“ ცნობით, “სომხეთიდან შესულ თხილის, ატმის ჩირისა და გამომშრალი პომიდვრის ტვირთში ხაპრას ხოჭოს სამი შემთხვევა დაფიქსირდა.“ იგივე უწყებამ ივნისშივე სომხური ბროწეულისა და კურკოვანი ხილის, ბადრიჯნის, კარტოფილისა და ხილის ჩირის იმპორტი და ტრანზიტი აკრძალა. დღეს ასევე სრულად აკრძალა თევზის იმპორტი.

რა ეკონომიკურ ურთიერთობა აქვს საქართველოს სომხეთთან
„ბიზნესპრესნიუსი“ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით გთავაზობთ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში.

ვაჭრობა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 421.519 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 49.5%-ით მეტია. 2025 წლის იანვარ-მაისში ეს მაჩვენებელი 281.996 მლნ აშშ დოლარი იყო.

ამასთან, მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველოდან სომხეთში 255.419 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2025 წლის იმავე პერიოდში – 198.309 მლნ აშშ დოლარის. ზრდა 29%-ია.

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის იანვარ-მაისში სომხეთიდან საქართველოში 166.100 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 83.686 მლნ აშშ დოლარის. აქ ზრდამ 98% შეადგინა.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან სომხეთში ექსპორტირებული ტოპ-5 პროდუქტი იყო:

მსუბუქი ავტომობილები – 32.566 მლნ აშშ დოლარი;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 13.025 მლნ აშშ დოლარი;
ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები – 12.184 მლნ აშშ დოლარი;
ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა – 8.723 მლნ აშშ დოლარი;
წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 7.556 მლნ აშშ დოლარი.
რაც შეეხება სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტებს, ხუთეული ასე გამოყურება:

მადნები და კონცენტრატები სპილენძის – 105.051 მლნ აშშ დოლარი;
მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების – 13.473 მლნ აშშ დოლარი;
ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები – 8.731 მლნ აშშ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები – 6.177 მლნ აშშ დოლარი;
ელექტროენერგია – 4.025 მლნ აშშ დოლარი.
ტურიზმი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სომხეთიდან ვიზიტორების რაოდენობა 11.2%-ით შემცირდა.

სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს სომხეთიდან 160 473 ვიზიტორი ეწვია, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში – 180 805.

ფულადი გზავნილები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, სომხეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 3.5%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2026 წლის მაისში სომხეთიდან საქართველოში 1.065 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ხოლო 2025 წლის მაისში – 1.028 მლნ აშშ დოლარი.

რაც შეეხება საქართველოდან სომხეთში განხორციელებულ გადარიცხვებს, აქ ზრდა 13.3%-ს შეადგენს. სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის მაისში საქართველოდან სომხეთში 793.7 ათასი დოლარი გადაირიცხა, ხოლო 2025 წლის მაისში – 700.5 ათასი დოლარი.

პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში სომხეთიდან საქართველოში 6.927 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 30%-ით მეტია, სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის პირველ კვარტალში სომხეთიდან საქართველოში 5.333 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა.