როგორც წესი, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, ახალქალაქის სკოლებში ექსკურსიების ცხელი სეზონი იწყება. უფროსკლასელები ძირითადად ქუთაისში, თბილისში, ბორჯომსა და სომხეთში მოგზაურობას ამჯობინებენ, ხოლო დაწყებითი კლასების მოსწავლეები ექსკურსიებს ახალციხეში, ვარძიასა თუ თავშანკას დასასვენებელ ზონაში ატარებენ. თუმცა, თავად ჯავახეთშიც უამრავი თვალწარმტაცი ადგილია, სადაც აქტიური დასვენების ორგანიზებაა შესაძლებელი.
Jnews-მა თავად ჯავახეთში რამდენიმე ისეთი მიმართულება შეარჩია, რომლებიც იდეალურია როგორც დაწყებითი, ისე საშუალო და უფროსი კლასების მოსწავლეებისთვის. ეს მარშრუტები საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავიცნოთ ჩვენი საყვარელი საცხოვრებელი ადგილი და გარემო; ამასთანავე — რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — ბევრად ხელმისაწვდომი და ძალიან საინტერესოცაა.
მაშ ასე, მოდით, ერთად აღმოვაჩინოთ ჯავახეთის სამყარო!
თუ ჯავახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, განძაში გაემგზავრებით, შეძლებთ პატარა აბულის მთაზე ავიდეთ და დაათვალიეროთ მთის კალთაზე მდებარე ჯავახეთის ყველაზე კარგად შემონახული ციკლოპური ციხესიმაგრე. სიმაგრე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია და ამჟამად აქტიურად შეისწავლება. აქედან ფარავნის ტბის საოცარი ხედი იშლება. განძაში დატვირთული დღის დასრულება კი ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის მონახულებით შეგიძლიათ, საღამოს კი — საღამოს ტბის სანაპიროზე მეწამული მზის ჩასვლით დატკბეთ.
კიდევ ერთი, შედარებით მარტივი ლაშქრობა სურბ ოჰანესის (წმინდა იოანეს) სალოცავისკენ მიემართება, რომელიც საღამოს ტბის მახლობლად, მთის მწვერვალზე მდებარეობს. აქ X საუკუნის ქალკედონური ეკლესია დგას. მეზობელი სოფლების მცხოვრებლები აქ ვარდავარობის დღესასწაულს აღნიშნავენ და ამ მთისა და ტაძრის ძალის სწამთ. ამ მარშრუტის დასასრულსაც შეგიძლიათ ესტუმროთ ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმს და საღამო სასიამოვნოდ გაატაროთ საღამოს ტბის პირას.
ხოლო მადათაფას ტბის გარშემო საფეხმავლო ტური გაამდიდრებს თქვენს ცოდნასა და წარმოდგენას ჯავახეთის ორნიტოლოგიური (ფრინველთა სამყაროს) მრავალფეროვნების შესახებ.
სოფელ კარწახისკენ მიმავალი გზაც სავსე იქნება როგორც კულტურული ღირსშესანიშნაობებით, ისე თვალწარმტაცი პეიზაჟებით. აშუღ ჯივანის სახლ-მუზეუმი ჩვენგან, ჯავახეთის მცხოვრებლებისგან, ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას. ხოზაფინის (კარწახის) ტბაც მდიდარია ფრინველებით და მის სანაპიროზე პიკნიკის მოწყობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.
თეთრობის ნაკლებად ცნობილ ტყეებში ლაშქრობა კი, პროფესიონალი გიდებისა და რეინჯერების თანხლებით, ნამდვილ თავგადასავლად შეიძლება იქცეს.
ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეგვიძლია, თქვენ კი შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ისტორიები და ვიდეოები ჯავახეთის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ საინტერესო და ლამაზი ადგილების შესახებ.
ვისწავლოთ ჯავახეთი ერთად!
ავტორი არეგნაზ გრიგორიან