ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გზებზე მიმდინარე ორმოული შეკეთება ადგილობრივი მოსახლეობისა და მძღოლების უკმაყოფილებას იწვევს. ახალქალაქი-კოტელიის მონაკვეთზე ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ამოჭრილი ორმოები დღემდე ასფალტის გარეშეა დატოვებული, რაც გადაადგილებას აფერხებს და ტრანსპორტის მოძრაობისთვის საფრთხეს ქმნის. პარალელურად, საკრებულოს დეპუტატები კონტრაქტორ კომპანიას სამუშაოების გაჭიანურების გამო აკრიტიკებენ და რემონტის ხარისხზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.
ახალქალაქი–კოტელია–ბაკურიანის საავტომობილო გზა, რომელიც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილის სოფლებისკენ მიდის, საერთაშორისო მნიშვნელობისაა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი მის მოვლა-პატრონობასა და შეკეთებაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთზე ორმოული შეკეთების სამუშაოები კომპანია „ჯავახავტოგზამ“ უნდა შეასრულოს.
კომპანიამ სარემონტო სამუშაოები ახალქალაქიდან სოფელ კოტელიამდე არსებულ მონაკვეთზე თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. შემდგომი შეკეთების მიზნით, გზის მთელ სიგრძეზე ასფალტის საფარი ამოიჭრა. უშუალოდ სოფელ კოტელიაში ორმოები ჯერ არ ამოუჭრიათ, თუმცა გზა რეაბილიტაციას იქაც სასწრაფოდ საჭიროებს.
ახალქალაქიდან სოფელ თოთხამამდე მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულებულია, თუმცა ასფალტის დაგება იქაც ერთი კვირის დაგვიანებით განხორციელდა. რაც შეეხება თოთხამისა და კოტელიის დამაკავშირებელ მონაკვეთს, აქ ვითარება კვლავ პრობლემურია: თვეზე მეტი ხნის წინ ამოჭრილი ორმოები დღემდე ასფალტის გარეშეა დატოვებული.
ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მძღოლების თქმით, მსგავსი მონაკვეთები ტრანსპორტის გადაადგილებას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ავტომობილების მფლობელები იძულებულნი არიან, სიჩქარეს მაქსიმალურად დაუკლონ და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ; დაზიანებული ადგილების ავლისა და მანქანების გაფუჭების თავიდან არიდების მიზნით კი, შემხვედრი მძღოლები ხშირად ერთმანეთს გზასაც უთმობენ.
მოსახლეობა იმაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მოსამზადებელი სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული: ორმოები არაღრმად და ადგილ-ადგილ უსწორმასწოროდაა ამოჭრილი, რაც, მათი აზრით, საჭირო სტანდარტებს არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, მათ ეჭვი ეპარებათ მომავალი ასფალტის საფარის გამძლეობაში.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ სიტუაციას ვერ შეაფასებენ, ვინაიდან გზის აღნიშნული მონაკვეთი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.
რედაქციამ კონტრაქტორ კომპანიასთან დაკავშირება ვერ შეძლო — სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე მითითებული ტელეფონის ნომერი არ პასუხობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი სიტუაცია დააზუსტეს და შემდეგი პასუხი გაგვცეს:
„გზის შეკეთება ერთ კვირაში დაიწყება და მალე იგი წესრიგში მოვა“.
შეკეთებას საჭიროებს სოფელ არაგვადან სოფელ გომანისკენ მიმავალი გზაც. მიუხედავად იმისა, რომ გზა ასფალტირებულია, მასზე უამრავი ორმო გაჩნდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობას საგრძნობლად აფერხებს.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტაქსისტმა აღნიშნა, რომ გზაზე ღრმა ორმოებია გაჩენილი, რაც მძღოლებისთვის საფრთხეს ქმნის.
„თუ ყურადღებით არ იქნები, მანქანას სერიოზულად დააზიანებ“, — ამბობს იგი.
გზის ეს მონაკვეთი უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზეა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ორმოული შეკეთების სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერშიც გამარჯვება კომპანია „ჯავახავტოგზამ“ მოიპოვა.
საკრებულოს ბოლო სხდომაზე დეპუტატებმა გამოთქვეს ინიციატივა, რომ ორმოული შეკეთების პროგრამაში სოფლის გზებიც იქნას შეყვანილი. ისინი მუნიციპალიტეტში სარემონტო სამუშაოების დაგვიანების მიზეზებით დაინტერესდნენ, კომპანია „ჯავახავტოგზა“ სამუშაოების არადროულად და, მათი შეფასებით, უხარისხოდ შესრულების გამო გააკრიტიკეს, და კონტრაქტორის საქმიანობაზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვეს.