9 ივნისს ახალქალაქის მერიამ ლევონ დარბინიანის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებზე რიგით მეორე ტენდერი გამოაცხადა. პირველი ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 25 მარტს გამოქვეყნდა, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მონაწილეთა არარსებობის გამო არ შედგა. რა იგეგმება პროექტის ფარგლებში?

სატენდერო პირობების მიხედვით, პროექტი არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასა და სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმიზაციას ითვალისწინებს.

სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ძველი ბორდიურების დემონტაჟი, ასევე ტერიტორიაზე არსებული ხეებისა და მწვანე ნარგავების მოჭრა/აღება. ამის შემდეგ, გზის ცენტრალურ ნაწილში ახალი გამყოფი ზოლი მოეწყობა.

ეს გამყოფი ზოლი იქნება ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებს ფიზიკურად გამიჯნავს ერთმანეთისგან. შესაბამისად, მისი მოწყობა საგრძნობლად აამაღლებს საგზაო უსაფრთხოებას, შეამცირებს ავარიების რისკს და გააუმჯობესებს მოძრაობის ორგანიზებას. გარდა ამისა, პროექტი ქუჩის განახლებულ განათებასა და ახალ გამწვანებასაც ითვალისწინებს.

Darbinyan 2

„პროექტის მიხედვით, უნდა აიწიოს დამცავი ბარიერი, რომელიც მიწით შეივსება. იქ დაირგვება ხეები და ბუჩქები, ორმხრივად კი ახალი განათება დამონტაჟდება. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ფეხით მოსიარულეებმა გზის შუაგულში არ გადაირბინონ და ტერიტორია უფრო კეთილმოწყობილი გახდეს. თუ სტანდარტით გათვალისწინებული ხეები უფრო ესთეტიკურად გამოიყურება, შესაძლოა ბუჩქები შევკრიჭოთ კიდეც“, — განაცხადა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არამ მოვსესიანმა.

მისივე თქმით, პირველი ტენდერი მონაწილეთა არარსებობის გამო ჩაიშალა და გამორიცხული არ არის, რომ ინტერესი არც ამჯერად გამოჩნდეს.

„დამპროექტებელს უკვე მივეცით მითითება, რომ პროექტს ხელახლა გადახედოს“, — აღნიშნავს არამ მოვსესიანი.

Darbinyan

აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 110 649 ლარია გამოყოფილი. ტენდერში განაცხადების მიღება კი 22 ივნისს დასრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მერიიდან ოფიციალური წერილის მიღებისთანავე უნდა დაიწყოს და 120 კალენდარული დღის ვადაში დაასრულოს. შემსრულებელი ვალდებულია, პროექტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო და ეკოლოგიური ნორმების, წესებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის სრული დაცვით შეასრულოს.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წელს შეადგენს. თუ საგარანტიო პერიოდში, ექსპლუატაციის პროცესში, რაიმე დეფექტი ან ნაკლოვანება აღმოჩნდება, მშენებელი ვალდებულია, ის საკუთარი სახსრებით, მერიის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას.