თბილისში სომხური იდენტობის შენარჩუნება მარტივი არ არის. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ასიმილაციის პროცესები უფრო სწრაფია, კულტურული ცენტრები და ანსამბლები ეროვნული მეხსიერების შენარჩუნების მნიშვნელოვან რგოლებად იქცევიან. ანსამბლ „ანის“ თითოეული გამოსვლა პატარა კულტურულ ისტორიად გარდაიქმნება, სადაც ცოცხლდება სომხური ტრადიციული სამოსი (ტარაზი), ეროვნული მუსიკა და სომხური ცეკვის საუკუნოვანი მოძრაობები.

1000043769

ანსამბლი „ანი“ წლების განმავლობაში იქცა იმ გარემოდ, სადაც თბილისელი სომეხი ბავშვები და ახალგაზრდები სომხურ ეროვნულ ქორეოგრაფიას ეუფლებიან და ამავდროულად, სომხურ იდენტობასთან კავშირს იმყარებენ. ამჟამად ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ანიში“ 70 სომეხი ბავშვი ცეკვავს. მხატვრული ხელმძღვანელისა და ქორეოგრაფის, ანგელინა ნაზარიანის მოღვაწეობა კი აღინიშნება, როგორც სომხური კულტურის შენარჩუნების საქმეში ჩადებული 20-წლიანი თავდადებული შრომა.

1000043771

ანსამბლი ანგელინა ნაზარიანმა 2005 წლის 28 ნოემბერს დააფუძნა. დღეს „ანის“ კედლებში თბილისელი სომეხი ბავშვები კვირაში 3 დღე სწავლობენ სომხურ ხალხურ ცეკვებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ანსამბლს სახელი „ანი“ ისტორიული დედაქალაქის, ანისის პატივსაცემად ეწოდა.

1000043772

ანგელინა ნაზარიანის თქმით, ცეკვა სომეხი ხალხისთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ სასცენო ხელოვნება. ის არის ისტორია, მეხსიერება, ფესვებთან კავშირი და ეროვნული იდენტობის ენა. როდესაც ბავშვი ან მოზარდი სომხურ ცეკვას სწავლობს, ის მხოლოდ მოძრაობებს კი არ ითვისებს, არამედ იწყებს საკუთარი კულტურის, ისტორიისა და კუთვნილების შეცნობას.

1000043775

საიდუმლო არ არის, რომ თბილისში სომხური სკოლების უმეტესობა დაიხურა. რა თქმა უნდა, გვაქვს №104 სომხური და №103 სომხურ-ქართული სკოლები, თუმცა სომეხი ბავშვების უმრავლესობა რუსულ და ქართულ სკოლებში დადის, რითაც კარგავს კავშირს სომხობასთან და სომხურ ფესვებთან. ბავშვები არ ფლობენ მშობლიურ ენას, არ შეუძლიათ სომხურად წერა-კითხვა, რის გამოც მათში ეროვნული იდენტობის კომპლექსი იჩენს თავს — ისინი ირცხვენენ იმას, რომ სომხები არიან“, — გულისტკივილით აღნიშნავს ანგელინა ნაზარიანი.

1000043777

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს სომეხი ბავშვების გაერთიანებას სომხური კულტურის ირგვლივ, როდესაც ირგვლივ ასე ბევრია ქართული და თანამედროვე ცეკვები, ანგელინა ღიმილით პასუხობს, რომ ეს არის მისი სიყვარულის, მიდგომის, სომხურის შეყვარებისა და გავრცელების იდეის შინაგანი სწრაფვა, რომელიც მის გარშემომყოფებზეც ვრცელდება.

1000043784

„მყავს ბავშვები, რომლებსაც ცეკვა მაინცდამაინც არ უყვართ და არც ისე კარგად გამოსდით, მაგრამ ანსამბლ „ანიში“ მაინც დადიან, რადგან ამ კედლებში სომხურ სულს გრძნობენ და ხედავენ, თუ როგორ ძალიან მიყვარს ისინი. ჩვენს დროში ბავშვებს ძალდატანებით ვერაფერს გააკეთებინებ, თუ თავად არ მოინდომეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის სწორად მიწოდება, რაც გულისხმობს ფესვებთან დაახლოებას თანამედროვე ჟღერადობის ფონზე, და ამის პარალელურად ისეთი სიმღერების ჩართვას, რომლებიც ამაღლებს სომხურ სულსა და პატრიოტიზმს“.

1000043777

ხოლო კითხვაზე, თუ რამდენად აინტერესებთ ბიჭებსაც სომხური ცეკვა, ანგელინა აღნიშნავს, რომ ამისთვისაც იპოვეს ალტერნატიული გზა.

„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ანსამბლში დოლის წრეც მოქმედებს, რამაც ძალიან დააინტერესა ჩვენი ბიჭები. დჰოლზე დასაკვრელად ისინი დიდი სიყვარულით დადიან, ეს კი სომხური კულტურის გადაცემის კიდევ ერთი გზაა“, — ამბობს ანგელინა.

1000043787

ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბავშვების მშობლებს, რომელთა ნაწილი თავადაც ამ ანსამბლის მოცეკვავე იყო და ახლა მას ყველაფერში მხარში უდგას.

„მყავს მშობლები, რომლებიც სომხურად ვერ კითხულობენ და არ ესმით. ჯგუფებში ლათინური შრიფტით ვწერ სომხურად — იმ იმედით, რომ დროთა განმავლობაში თუნდაც რამდენიმე სიტყვას მაინც ისწავლიან. მშობელთა კრებებს სომხურად ვიწყებ, თუმცა, რა თქმა უნდა, შემდეგ იმავეს რუსულად და ქართულადაც ვიმეორებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემს ანსამბლში სომხურად ვილაპარაკოთ, ხოლო ბავშვებს „ჰაიარტუნის“ (სომხური კულტურული) ცენტრში ვარეგისტრირებ, სადაც სომხური ენის ბრწყინვალე სპეციალისტები გვყავს“, — ხაზგასმით აღნიშნავს ანგელინა ნაზარიანი.

1000043784

ამასთანავე, მან დაამატა, რომ საერთაშორისო და თემთაშორის ღონისძიებებში ანსამბლ „ანის“ მონაწილეობა არა მხოლოდ მხატვრული წარმოდგენა, არამედ კულტურული თვითმყოფადობის გაცხადებაა. ეს არის შეხსენება იმისა, რომ თბილისის სომხური თემი აგრძელებს არსებობას, შემოქმედებასა და საკუთარი ფასეულობების მომავალი თაობებისთვის გადაცემას.

კითხვაზე, თუ რა სირთულეებს წააწყდა თავისი მოღვაწეობის განმავლობაში, ანგელინამ დეტალებზე საუბარი არ ისურვა, თუმცა აღნიშნა, რომ პრობლემები ყოველთვის არის, მაგრამ თავად მათ უკვე მიეჩვია, გულს არ იტეხს, დარწმუნებულია საკუთარი საქმის მნიშვნელობაში და მუშაობას ყველა დაბრკოლების გადალახვით გააგრძელებს.

1000043789

„დღეს, როდესაც იდენტობის შენარჩუნება დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა, ანსამბლ „ანის“ მსგავსი ინიციატივები წარსულსა და მომავალს შორის ხიდად გარდაიქმნება. სანამ ჟღერს სომხური მუსიკა და ცეკვის საშუალებით სომხური ისტორია ცოცხლდება, სომხური იდენტობა თბილისში კვლავ განაგრძობს არსებობას“, — ასკვნის ქორეოგრაფიული ანსამბლ „ანის“ მხატვრული ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი ანგელინა ნაზარიანი.

ავტორი არეგნაზ გრიგორიან