საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულ ექსპლუატაციაში გაშვება გამოცხადდა. ჯავახეთის ბიზნესის წარმომადგენლები და ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ბთყ-ის სრული სიმძლავრით ამუშავებასთან ერთად, „ახალქალაქის“ სადგურს ტვირთების მიღებისა და გაგზავნის ნებართვას მისცემენ, რამაც შესაძლოა სერიოზული იმპულსი მისცეს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

ბთყ რკინიგზა საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ჯავახეთზე გადის. რკინიგზის მთავარი სადგური ახალქალაქში მდებარეობს. ეს მარშრუტი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის ნაწილია.

რკინიგზის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებობდა მოლოდინი, რომ ჯავახეთი ეკონომიკურად პერსპექტიული რეგიონი გახდებოდა როგორც საშუალო, ისე მსხვილი ბიზნესისთვის. ვარაუდობდნენ, რომ იმპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული ბიზნესი უფრო მომგებიანი გახდებოდა, გაჩნდებოდა ახალი სერვისები, სამუშაო ადგილები, სასტუმროები, კაფეები, საწყობები და ლოგისტიკური კომპანიები. რეგიონს შეეძლო აღედგინა სავაჭრო გზების გზაჯვარედინის თავისი ისტორიული ფუნქცია. ახალქალაქში იმედოვნებდნენ, რომ ბთყ-ის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი ბიზნესი შეძლებდა საქონლის უშუალოდ „ახალქალაქის“ სადგურიდან მიღებასა და გაგზავნას.

ოფიციალურად ბთყ-ის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა, თუმცა ფაქტობრივად სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა, თავად რკინიგზა კი ტესტურ რეჟიმში, არასრული დატვირთვით მუშაობს და ეკონომიკურად წამგებიანი რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ ბთყ უკვე რვა წელია ექსპლუატაციაშია, რეგიონში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები ჯერ არ მომხდარა. არც ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მეწარმეების მოლოდინები გამართლდა „ახალქალაქის“ სადგურზე საქონლის დატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბთყ-ის სრულ ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ. ახალქალაქში საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რკინიგზის სრულფასოვანი ამუშავების შემდეგ კომპანია მათ მაინც მისცემს ნებართვას, აწარმოონ ტვირთების გაგზავნა და მიღება „ახალქალაქის“ სადგურიდან.

„რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება ბიზნესისთვის, მოსახლეობისთვის და მთელი რეგიონისთვის. რეგიონი დაიწყებს განვითარებას, გაჩნდება ახალი ინფრასტრუქტურა. საქონელი შეიძლება გაიაფდეს, რადგან ახლა ის ძირითადად ბათუმიდან ჩამოგვაქვს. გარდა ამისა, შემცირდება დატვირთვა დიდ ქალაქებზე. ტრანსპორტირება ყოველთვის ახდენს გავლენას პროდუქტის ღირებულებაზე“, — ამბობს ბიზნესის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

კიდევ ერთი მეწარმე აღნიშნავს, რომ ახალქალაქის სადგურზე ტვირთის გადმოტვირთვის შესაძლებლობა დიდი უპირატესობა იქნებოდა ადგილობრივი ბიზნესისთვის.

„საქონელი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვაქვს. ახლა ის ძირითადად მანქანებით ჩამოგვაქვს, რადგან ტვირთი რკინიგზითაც რომ ჩამოვიდეს, მერე მაინც თბილისიდან საავტომობილო ტრანსპორტით გვიწევს მისი გადმოზიდვა. ახალქალაქში გადმოტვირთვის შესაძლებლობა რომ იყოს, რკინიგზით ვისარგებლებდით, რადგან ეს უფრო იაფია, ვიდრე დიდი სატვირთო მანქანებით გადაზიდვა“, — ამბობს მეწარმე.

ამასთან, ახალქალაქის სადგურის სრულფასოვან სატვირთო ცენტრად გახსნისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურაა საჭირო.

BTK

საჭიროა ტერმინალები და ტვირთების შესამოწმებელი შესაბამისი პირობები. თუ საქონელი დამატებით კონტროლს ექვემდებარება, მისი შემოწმების შესაძლებლობა იქვე, ადგილზე და ტვირთის მფლობელის თანდასწრებით უნდა არსებობდეს“, — აღნიშნავს ბიზნესმენი.

ახალქალაქის ბიზნეს-ცენტრის დირექტორი, მახარე მაცუკატოვი მიესალმება სატვირთო ცენტრის გახსნის იდეას და მიიჩნევს, რომ ამას ჯავახეთისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ამას დიდხანს ველოდით. იმედი მაქვს, რომ ახალქალაქი გახდება „მშრალი პორტი“ და შესაბამის სტატუსსაც მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ სადგურის გარშემო გაჩნდება ლოგისტიკური ცენტრები და დამხმარე ინფრასტრუქტურა. რეგიონს შეეძლება მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება როგორც თურქეთი — ევროპის, ისე აზერბაიჯანი — ცენტრალური აზიის, ასევე სომხეთი — ირანი — ინდოეთის მიმართულებით. ახალქალაქი შეიძლება გახდეს საკვანძო სატრანსპორტო ცენტრი. რეგიონში შესაძლოა მსხვილი ინვესტიციები შემოვიდეს, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას“, — ამბობს მახარე მაცუკატოვი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ახალქალაქის მცხოვრებლები მზად უნდა იყვნენ ახალი შესაძლებლობებისთვის, რადგან რეგიონს სხვადასხვა დონის სპეციალისტები დასჭირდება.

საქართველოს სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის დირექტორი, პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბთყ-ის სრული გაშვების შემდეგ „ახალქალაქის“ სადგურის გახსნის ალბათობა საკმაოდ მაღალია. თუმცა, მისი თქმით, ამისთვის აუცილებელია როგორც ინფრასტრუქტურული, ისე იურიდიული ღონისძიებების გატარება.

„ახალქალაქის სადგურის გახსნა ახალ იმპულსს მისცემს ჯავახეთის რეგიონის განვითარებას, რადგან ადგილობრივ მეწარმეებს დიდი ხანია სურთ ამ სადგურის გამოყენება საქართველოს რკინიგზით გადაზიდვებისთვის, ახალქალაქი — მარაბდის მონაკვეთზე. ვფიქრობ, მხოლოდ ადგილობრივმა ტვირთებმა წელიწადში შესაძლოა 100–150 ათასი ტონა შეადგინოს. თუ ამას სომხეთის ტრანზიტულ ნაკადსაც დავუმატებთ, საერთო მოცულობამ წელიწადში შესაძლოა 500–600 ათას ტონას მიაღწიოს. ეს ბთყ-ს რეალურ სიცოცხლისუნარიანობას შესძენს“, — ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

მისივე თქმით, ამჟამად რკინიგზა თავისი გამტარუნარიანობის 10%-ზე ნაკლებით გამოიყენება.

„ბთყ-ის რეალური გამტარუნარიანობა წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ ტონას შეადგენს, მიუხედავად დეკლარირებული 5 მილიონი ტონისა, თუმცა დღეს მხოლოდ 100–150 ათასი ტონა გადაიზიდება. სომხური ტრანზიტული ნაკადისა და ჯავახეთის ადგილობრივი ტვირთების დამატებით, ასევე თურქული მხარის მიერ ცენტრალური აზიის მიმართულებით ტარიფების 33%-ით შემცირებითა და ჩინეთიდან ტვირთნაკადის გაზრდით, გადაზიდვების მოცულობამ შესაძლოა 1,2 მილიონ ტონას მიაღწიოს. ეს რკინიგზას მომგებიანობის საშუალებას მისცემს. სტაგნაციიდან რკინიგზა მომგებიანი ფუნქციონირების მიმართულებით გადავა“, — აღნიშნავს ექსპერტი.

პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ბთყ-ის სრულფასოვან მუშაობაზე გადასვლის შემდეგ, „ახალქალაქის“ სადგურის გახსნის ალბათობა ძალიან მაღალია.

„ვფიქრობ, ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს, რადგან თავად რკინიგზის გახსნის ფაქტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. დიდი ალბათობაა, რომ ეს სადგური გაიხსნება. ამ განშტოებაზე სხვა სადგურებიც გვაქვს და იქაც იგეგმება გარკვეული სადგურების სინქრონული გახსნა“, — დასძენს ექსპერტი.