სომხეთის დედაქალაქში, რესპუბლიკის მოედანზე, ქვეყნის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მიმდინარეობს.
სომეხი ხალხი 28 მაისს პირველი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის ამ დღეს, ყარაქილისაში, ბაშ-აპარანსა და სარდარაპატში, სომხურმა რეგულარულმა ძალებმა და მოხალისეებმა შეძლეს თურქების ჭარბი ძალების წინსვლის შეჩერება, რითაც აღკვეთეს მათი წინსვლა და სომხეთის სრულიად დაპყრობის მცდელობა.
ტფილისში 1918 წლის 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა და სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.
სომხეთის პირველმა რესპუბლიკამ ძალიან მოკლე დროში შექმნა სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ძირითადი ატრიბუტები – აირჩია პარლამენტი (ხელმძღვანელი – ავეტიკ სააკიანი) და ჩამოაყალიბა მთავრობა (პრემიერ-მინისტრი – ოვანეს ქაჯაზნუნი). თუმცა, მან მხოლოდ 2 წელს იარსება.
1992 წლიდან, მას შემდეგ, რაც სომხეთმა კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა, 28 მაისი ოფიციალურად აღინიშნება, როგორც პირველი რესპუბლიკის დღე.
შეგახსენებთ, რომ 1968-1978 წლებში სარდარაპატში აშენდა მემორიალი, რომელიც მიეძღვნა 1918 წელს თურქ დამპყრობლებთან მომხდარ ისტორიულ ბრძოლას.