აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელეს. თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ აშშ-ის დილის დარტყმების საპასუხოდ, იერიში მიიტანეს ამერიკულ ავიაბაზაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, — იუწყება CNN.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, დარტყმების სამიზნეს წარმოადგენდა სამხედრო ობიექტი, რომელიც სტრატეგიულ საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასში მდებარეობს.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ასევე ჩამოაგდეს ირანული წარმოების ოთხი დამრტყმელი დრონი, რომლებიც საფრთხეს ქმნიდნენ.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, ბენდერ-აბასში მდებარე ობიექტზე იერიში იმ მომენტში მიიტანეს, როდესაც მეხუთე უპილოტო საფრენი აპარატის გასაშვებად ემზადებოდნენ.

ირანული მედია იტყობინებოდა, რომ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო სამი დღის განმავლობაში, როდესაც აშშ ირანში არსებულ სამიზნეებზე დარტყმებს ახორციელებს. ცენტრალურ სარდლობაში განაცხადეს, რომ დარტყმები თავდაცვის მიზნით იქნა მიყენებული.

კერძოდ, სარდლობა აცხადებს, რომ მათი ქმედებები იყო „გათვლილი, წმინდა თავდაცვითი ხასიათის და მიზნად ისახავდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებას“.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ სამიზნეებზე თავდასხმა სწორედ ამ ავიაბაზიდან განხორციელდა.

ამასთანავე, მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ კონკრეტულად რომელ ავიაბაზაზე განხორციელდა იერიში.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (КСИР) განაცხადა, რომ მათი პასუხი არის სერიოზული გაფრთხილება აშშ-ისთვის და აღნიშნა, რომ მათი აგრესია უპასუხოდ არ დარჩება.

დაახლოებით იმავე პერიოდში, რომელიც ირანმა თავდასხმის დროდ დაასახელა, ქუვეითის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა „მტრის“ დრონები და რაკეტები გადაჭრეს.

მანამდე, ირანის საპორტო ქალაქ ბენდერ-აბასის აღმოსავლეთით, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან მდებარე საზღვაო ბაზას წარმოადგენს, სამი აფეთქების ხმა გაისმა. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ აშშ-ის სამხედროებმა ოთხი ირანული დრონი ჩამოაგდეს, ასევე დარტყმა მიაყენეს ბენდერ-აბასში მდებარე ირანის სახმელეთო მართვის სადგურს, საიდანაც მეხუთე დრონის გაშვება ხდებოდა.