გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 141 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, დათანხმდა წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებას. აშშ-მა, რუსეთმა, ისრაელმა, ირანმა და საუდის არაბეთმა ხმა წინააღმდეგ მისცეს.
კერძოდ, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქვეყნებს ავალდებულებს შეამცირონ წიაღისეული საწვავის მოხმარება და იბრძოლონ კლიმატური კრიზისის წინააღმდეგ. დოკუმენტი ადასტურებს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსაზრებას, რომელიც 2025 წლის ივლისში გამოქვეყნდა.
კუნძულოვან სახელმწიფო ვანუატუს მიერ წარდგენილ რეზოლუციას მხარი 141 ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგ ხმა მისცა რვა ქვეყანამ: აშშ-მა, რუსეთმა, ბელარუსმა, საუდის არაბეთმა, ისრაელმა, ირანმა, ლიბერიამ და იემენმა.
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ რეზოლუცია შეიცავს „წიაღისეულ საწვავთან დაკავშირებულ მიუღებელ პოლიტიკურ მოთხოვნებს“.
Associated Press-ის ცნობით, თებერვალში დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა დაერწმუნებინა სხვა ქვეყნები, მოეხდინათ ზეწოლა ვანუატუზე რეზოლუციის უკან გასაწვევად.
რამდენიმე ქვეყანამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. მათ შორის იყვნენ კლიმატის COP31 სამიტის მონაწილეები, კერძოდ თურქეთი და ინდოეთი, ასევე ნავთობმომპოვებელი სახელმწიფოები — კატარი და ნიგერია.
როგორც The Guardian-ი აღნიშნავს, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსაზრება იურიდიულად სავალდებულო ძალის არ არის, თუმცა ის უკვე გამოიყენება კლიმატურ დავებში მთელ მსოფლიოში და სასამართლოები მას სულ უფრო ხშირად ითვალისწინებენ თავიანთ გადაწყვეტილებებში.
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მიესალმა გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას.