სოფელ ჯიგრაშენის მცხოვრებთა საპროტესტო აქციების შემდეგ, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი ახალქალაქი-ნინოწმინდის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელს ეწვია. შეხვედრის შედეგად გადაწყდა ნაგავსაყრელის მდგომარეობის ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ნაგავმზიდი მანქანების შესვლას კვლავ დაბლოკავენ, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
გასულ კვირას „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ახალქალაქი-ნინოწმინდის მაგისტრალზე მდებარე ნაგავსაყრელს ეწვივნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნინოწმინდის მერი და სოფელ ჯიგრაშენის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ 4 მაისს სოფლის მცხოვრებლებმა ნაგავმზიდ მანქანებს გზა გადაუკეტეს და ნაგავსაყრელის დაუყოვნებლივ დახურვას მოითხოვდნენ. მათი თქმით, ნაგავსაყრელი სერიოზულ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობასა და მოსახლეობის ჯანმრთელობას.
ამ შეხვედრის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები და სოფლის მცხოვრებლები შეთანხმდნენ, რომ ნაგავსაყრელი ნაწილობრივ დაიხურებოდა, ხოლო მისი ფუნქციონირება შეიზღუდებოდა ახალი ნაგავსაყრელის გახსნამდე. იმ დროს კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი ნაგავსაყრელი ორ წელიწადში გაიხსნებოდა.
ბოლო შეხვედრისას სოფელ ჯიგრაშენის წარმომადგენლები, კომპანიის დირექტორი და გუბერნატორის მოადგილე მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია ნაგავსაყრელის მდგომარეობის შეფასება და ექსპერტიზის დასკვნის მომზადება.
შეხვედრაზე დამსწრე ჯიგრაშენის მცხოვრებლის თქმით, კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ იგი საქმის კურსში არ იყო ნაგავსაყრელის ცუდი სანიტარული მდგომარეობის შესახებ.
„დირექტორმა თქვა, რომ მას არ მიაწოდეს ინფორმაცია ნაგავსაყრელის ასეთ სავალალო მდგომარეობაზე. ნინოწმინდის მერი ინფორმირებული იყო არსებული სიტუაციის შესახებ. დირექტორმა აღნიშნა, რომ საჭიროა ექსპერტიზის დასკვნა. ამის შემდეგ მოხდება იმ არსებული ნაგებობებისა და ვაგონების დემონტაჟი, რომელთა აღებასაც პირველი შეხვედრისას შეგვპირდნენ. სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ ნაგავსაყრელის ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი შემდგომი ექსპლუატაციის მიზანშეწონილობა, რის შემდეგაც მიიღება გადაწყვეტილება“, — განაცხადა სოფელ ჯიგრაშენის მცხოვრებელმა.
მოსახლეობის თქმით, კომპანიის დირექტორმა ასევე უარყო თავისი დაქვემდებარებულების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალი ნაგავსაყრელი ორ წელიწადში გაიხსნებოდა. მან აღნიშნა, რომ ახალი ნაგავსაყრელის გახსნა მხოლოდ სამ წელიწადშია შესაძლებელი.
ჯიგრაშენის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ თავიანთ მოთხოვნებში შეუვალნი რჩებიან და ნაგავმზიდ მანქანებს გზას კვლავ გადაუკეტავენ, თუ სიტუაცია არ შეიცვლება.
ამ დროისთვის ნაგავსაყრელის მიმდებარე მინდვრები უკვე დასუფთავებულია ნარჩენებისგან, ხოლო თავად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ნარჩენების მიწით გადაფარვის სამუშაოები. ასევე, მოსახლეობის თქმით, ნინოწმინდის ადგილობრივი თვითმმართველობა შეჰპირდა მათ, რომ ხრეშით მოასწორებდა ნაგავსაყრელის გვერდით გამავალ, საძოვრებისკენ მიმავალ გზას.