სოფელ კუმურდოს ცენტრში საუბრებისა და უკმაყოფილების მთავარი თემა კარტოფილია, რომლის შესახებაც თანასოფლელები Jnews-ის ვიზიტის დროს საუბრობდნენ. სოფლის მცხოვრებლები შეშფოთებულები იყვნენ, რადგან ბევრი სახლის სარდაფში დღემდე დიდი რაოდენობით კარტოფილი ინახება. მყიდველები მათ 30 თეთრს სთავაზობენ, თუმცა ამ ფასადაც კი არ მიაქვთ პროდუქტი.
სოფელ კუმურდოში „პრეზიდენტის წყაროსთან“ შეკრებილი მცხოვრებლები ჩვენთან საუბრისას მუდმივად უბრუნდებოდნენ გაუყიდავი კარტოფილისა და გლეხის ამაო შრომის თემას. ხანდაზმული მამაკაცები, ერთმანეთისთვის სიტყვის გაწყვეტით, დეტალურად აღწერდნენ თავიანთ შრომას — თესვიდან დაწყებული, მოსავლის აღებითა და შენახვით დამთავრებული, და გულისტკივილით აღნიშნავდნენ, რომ მთელი მათი შრომის ნაყოფის ნაგავსაყრელზე გადაყრა მოუწევთ.
„სახელმწიფო არ უჭერს მხარს გლეხებს კარტოფილის რეალიზაციის საკითხში. ადგილობრივი ბაზარი შემოტანილი კარტოფილით გაავსეს, რის გამოც ადგილობრივი პროდუქტი გაუყიდავი რჩება. ახალი კარტოფილი უკვე შემოვიდა, ვის რაში სჭირდება ჩვენი ძველი?“ — ამბობენ ადგილობრივები.
სოფელ კუმურდოში კარტოფილის მოყვანას შედარებით ნაკლებად მისდევენ, ვიდრე სხვა რიგ სოფლებში, რომლებიც კარტოფილის წარმოებით არიან ცნობილნი. თუმცა, დღეს პრობლემა არარეალიზებულ კარტოფილში აქაც იჩენს თავს.
მერის წარმომადგენელმა სოფელში, ვაღარშაკ მგდესიანმა, გვითხრა, რომ კარტოფილს 30 თეთრადაც კი არ ყიდულობენ.
„ორი დღის წინ ჩემი ახლო ნათესავისგან უნდოდათ კარტოფილის ყიდვა, მე 30 თეთრი შევთავაზე, ჩემი ნათესავი დათანხმდა მხოლოდ იმიტომ, რომ კარტოფილი სახლში აღარ დარჩენილიყო. მაგრამ ასეთ ფასადაც კი აღარ მოინდომეს წაღება, გადაიფიქრეს, დატოვეს და წავიდნენ. შემოდგომაზე უხარისხო კარტოფილს საქონლის საკვებად 25 თეთრად ვყიდდით, წარმოიდგინეთ, ახლა კი მსხვილ კარტოფილს ამ ფასად ვერ ვყიდით“.
მისი თქმით, მთავარი მყიდველები ისევ ის ნაცნობები არიან, რომლებიც მარნეულიდან ჩამოდიან და კარტოფილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ბაზარში მიაქვთ.
„სოფელში დაახლოებით 100 ტონა კარტოფილი რჩება. მცხოვრებლები მას ერთმანეთს უფასოდ ურიგებენ. ვისაც თავისუფალი მიწა აქვს — თესავს, დანარჩენი კი ცხოველების საკვებად გამოდგება“, — აღნიშნა ვაღარშაკ მგდესიანმა.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, არამაის ზაქარიანის თქმით, ვინაიდან კუმურდოში კარტოფილის მოყვანას მასშტაბური სახე არ აქვს, სხვა სოფლებთან შედარებით პრობლემა მეტ-ნაკლებად ასატანია.
Jnews-ი წელს არაერთხელ გაუძღვა კარტოფილის გაყიდვის პრობლემასა და ფასების საერთო მატებას. ეს ჩვენი რეგიონისთვის მასშტაბური პრობლემაა, სადაც მოსახლეობის შემოსავლის მთავარი წყარო კარტოფილის მოყვანაა, და ის სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.