გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა

19.05.2026 Newsroom სიახლე 189
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევის გამო კარანტინი გამოცხადდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კარანტინი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევას უკავშირდება.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. იორთან ახლოს, ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა. ფერმაში განთავსებულია 1000 სული წვრილფეხა და 17 სული მსხვილფეხა საქონელი, ორი ცხენი და ექვსი ძაღლი.

მიმდინარე წლის 14 მაისს ერთ-ერთმა ძაღლმა, რომელიც გამოირჩეოდა აგრესიით, დაკბინა ხუთი ძაღლი, ერთი ცხვარი და ერთი სული მსხვილფეხა საქონელი. ძაღლი რამდენიმე დღეში მოკვდა, რის შემდეგაც პათოლოგიური მასალა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაიგზავნა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად (გამოცდის ოქმი N3668) ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

მოკვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული ცხოველები არ იყვნენ ვაქცინირებული ცოფის საწინააღმდეგოდ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოფით დაინფიცირებაზე საეჭვო არავაქცინირებულ ცხოველებს დაუყოვნებლივ უნდა ჩაუტარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მფლობელის პასუხისმგებლობით დაწესდეს 6-თვიანი ზედამხედველობა.

დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები – დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე