18 მაისს, ახალქალაქში ეროვნული სამოსის – ტარაზის დღე აღინიშნება, რომელიც ამ ქალაქში 2017 წლიდან ტარდება. ღონისძიებაზე ახალქალაქის რაიონის სხვადასხვა სოფლის საცეკვაო კოლექტივები წარსდგნენ.
დიდებულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ჯგუფები ახალქალაქის ცენტრში, კულტურის სახლის წინ შეიკრიბნენ. ყველა ჯგუფმა ერთობლივი ეროვნული ცეკვა შეასრულა, რის შემდეგაც ახალქალაქის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისკენ გაემართნენ. პროგრამის მიხედვით, ახალქალაქის პარკ „ხას ბახჩაში“ კონცერტი იგეგმებოდა, თუმცა ამინდის გამო ღონისძიება კულტურის სახლში ჩატარდა.
საცეკვაო ნომრებით წარსდგნენ ანსამბლები: „მურჯი“, „ჯავახი“, „კორხი“, „ბარალეთი“, „ვაჩიანი“, „ხანდო“, „სამსარი“, „ალასტანი“, „ვარევანი“, „დადეში“, „აგანა“ და „კოკიო“.