ბოლო წლებში ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებში შეიმჩნევა ტენდენცია, რომ „ბოლო ზარს“ ვადაზე ადრე აღნიშნავენ. ჯერ კიდევ იანვარ-თებერვლიდან კურსდამთავრებულთა ოჯახები, სასწავლო წლის დასრულებას მოუცდელად, შვილების სკოლის დამთავრების აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებებს მართავენ. Jnews სოფელ დილისკას ეწვია, რათა გაერკვია, თუ რა განწყობა სუფევს სკოლაში „ბოლო ზარის“ მოლოდინში.

სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა რიმა მკოიანმა Jnews-თან საუბარში აღნიშნა, რომ წელს მათ სკოლას 33 კურსდამთავრებული ჰყავს. ბავშვები „ბოლო ზარის“ ღონისძიებისთვის ემზადებიან, რომელიც 21 მაისს გაიმართება.

ჩვენ შევხვდით კურსდამთავრებულებს და მათთან საუბრის შედეგად შევიტყვეთ, რომ 33-დან 6-მა კურსდამთავრებულმა „ბოლო ზარი“ უკვე აღნიშნა. მიზეზების დაზუსტებისას გაირკვა, რომ წელს ზოიას ოქროს დაბადების დღე იანვარში დაემთხვა და მათ „ბოლო ზარიც“ სწორედ ამავე დღეს აღნიშნეს. ასმიკისა და ინგას მამები და ახლო ნათესავები მაისის ამ დროისთვის უკვე რუსეთში იქნებიან, ამიტომ მათ „ბოლო ზარის“ ნაადრევად აღნიშვნა გადაწყვიტეს.

„ჩემი ქმარი და შვილი რუსეთში აპირებდნენ სამუშაოდ წასვლას, ისინი მთელი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ იმყოფებიან. მე და ჩემს ქმარს ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენი ქალიშვილის ბოლო ზარზე ის ჩვენთან ერთად ყოფილიყო, ამიტომ 16 აპრილს აღვნიშნეთ. თუმცა, უშუალოდ „ბოლო ზარის“ დღეს ახლო ნათესავებისთვის პატარა სუფრას გავშლით“, – თქვა ინგას დედამ, ირინამ. აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასის შემდეგ ინგა ახალქალაქის №4 სკოლაში სწავლობს.

ჩვენი ყველა ნათესავი უკვე ამ თვეში მიდის სამუშაოდ, მაისამდე რომ დაგვეცადა, აქ აღარავინ იქნებოდა“, – გვითხრა ინტერვიუში სოფელ დილისკის №1 სკოლის მოსწავლემ, ასმიკმა.

ჩვენი საუბრებიდან ნათელი გახდა, რომ სასწავლო წლის დასრულების ვადაზე ადრე აღნიშვნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაა, რის გამოც მამები შვილების ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ტოვებენ. შეიძლება ითქვას, რომ მშობლებმა ამ პრობლემის გადაჭრის გზას მიაგნეს და სასწავლო წლის დასრულებას ნაადრევად ზეიმობენ.

94ad6f88-6478-4782-9d6f-d536e9844e47