ორი კვირის განმავლობაში ახალქალაქის ცენტრში წყალსადენი მილი სამ სხვადასხვა ადგილას გასკდა. მოედანზე მილების სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ასფალტი სამ ადგილას დააზიანეს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კი წყლის დიდი ნაკადი წარმოიქმნა. დატბორვის მიზეზი ძველი მილია, რომელიც აღარ გამოიყენება, თუმცა წყლის ძირითადი მაგისტრალიდან იკვებება.

Jnews ეწვია ახალქალაქის მოედანს — თავისუფლების ქუჩას, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა. ადგილზე მომუშავე „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ თანამშრომლების განცხადებით, იქ გადის ძველი მილი, რომელიც ექსპლუატაციაში აღარ არის, თუმცა ის კავშირშია მთავარ წყალგამტართან.

ორი კვირის წინ ძველი მილი მერიის შენობის კედელთან გასკდა; მაშინ ავარია აღმოიფხვრა, თუმცა აყრილი ასფალტი ამ დრომდე არ აღდგენილა.

Jur_3

ცოტა ხნის შემდეგ, იმავე მილის სხვა მონაკვეთი გასკდა — დაახლოებით 15-20 მეტრის მოშორებით. იქაც გათხარეს და მილი გადაკეტეს, თუმცა ნათხარი ადგილი კვლავ რჩება.

Jur_4

ხოლო დღეს, 15 მაისს, უკვე იმავე მილის მესამე მონაკვეთი გასკდა — მეორე ავარიული ადგილიდან 20-25 მეტრის მოშორებით. დაზიანებული ნაწილი ჩარენცისა და თავისუფლების ქუჩების კვეთაზე, საკონტროლო ჭასთან მდებარეობს. მესამე აფეთქების დროს იპოვნეს ჭა, რომელიც ასფალტირებისას საფარის ქვეშ მოქცეულიყო. ვინაიდან მისი ზუსტი ადგილმდებარეობა არ იცოდნენ, სწორედ ამან გამოიწვია სირთულეები წყლის ნაკადის თავდაპირველი გამოჟონვისას, როდესაც ძველი მილისკენ წყლის მიწოდების საბოლოოდ შეწყვეტა ვერ მოხერხდა.

Jur_2

მუშების თქმით, ძველი მილი დაახლოებით 1940-იანი წლებისაა და დიდი ხანია ექსპლუატაციაში აღარ იმყოფება.

თანამშრომლების განცხადებით, მილის საბოლოოდ გადაკეტვის სამუშაოებს დღეს დაასრულებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ახალქალაქის ქუჩებში მსგავსი შემთხვევები ხშირია, რის გამოც ქალაქში ასფალტი მუდმივად ზიანდება და ყველგან ორმოებია.