ახალციხეში ეკლესიიდან ხატები გამოიტანეს და ნაგვის გვერდით დააწყვეს

13.05.2026 Newsroom სიახლე 223
ახალციხეში  ეკლესიიდან ხატები გამოიტანეს და ნაგვის გვერდით დააწყვეს

ახალციხის მარდის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი ეკლესიიდან ხატები გაიტანეს და ნაგვის ურნასთან დააწყვეს. ინფორმაციას და ფოტოს ადგილობრივი TOK2Region ავრცელებს და წერს, რომ მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 155-ე მუხლით დაიწყო, რაც რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” კი წერს, რომ “აღნიშნული ტაძარი წლებია სადავოა მართლმადიდებელ და სომხურ სამოციქულო ეპარქიებს შორის და იქ წირვა-ლოცვა აღარ აღევლინება”. სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარი, ბერი ჰაკობ სააკიანი მათთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის უცნობია, ვინ და რატომ გაიტანა ეკლესიიდან ხატები: „საღამოს მეც ვიყავი, სავარაუდოდ გვიან ღამე, 2 საათის მერე მოხდა. ყველაფერი გარეთ იყო გატანილი, ხატებიც და ნივთებიც, ზემოდან ნაგავიც ეყარა ამ ყველაფერს. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო ხატები. ყველაფერი უკან შევიტანეთ და უკან დავალაგეთ. არ ვიცით ვინ იყო, ნორმალური ადამიანი ამას არ გააკეთებდა“

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე