საქართველოში ყველა სახის სასუქების იმპორტი გაიზარდა. იანვარ-მარტში ქვეყანამ 13 მილიონ 744 ათასი დოლარის ღირებულების სასუქები შეიძინა, რაც 42.7%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის იმპორტს. სასუქების მთავარი მომწოდებელი კი რუსეთია.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონაცემები მარტის ჩათვლით არის. რუსეთმა 21 მარტიდან 21 აპრილამდე აზოტოვანი სასუქების ექსპორტი აკრძალა. გამონაკლისს წარმოადგენს ის მიწოდებები, რომლებიც მთავრობათშორისი შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება. ეს აკრძალვა სასუქების იმპორტის სტატისტიკაზე გავლენას აპრილში იქონიებს. ამასთან, რუსეთიდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტი კვოტირების მექანიზმით არის შეზღუდული. ამჟამინდელი კვოტა, რომელიც 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 31 მაისამდე მოქმედებს, 18.7 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა რუსეთმა პირველი ივნისიდან მექანიზმის მოქმედება კიდევ 6 თვით, დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
სასაქონლო ნომენკლატურაში სასუქების კოდის ქვეშ ერთიანდება ცხოველური ან მცენარეული წარმოშობის სასუქები, აზოტოვანი, კალიუმიანი, ფოსფოროვანი და აზოტის, ფოსფორის და კალიუმიანი შემცველობის სასუქები – სულ 5 სასაქონლო კოდით. თუმცა საქართველოში სასუქები 4 სასაქონლო კოდით შემოდის.
საქართველო ყველა ტიპის სასუქს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობს. იმპორტიორი ქვეყნების რეიტინგში კი არიან:
რუსეთი – $5.3 მლნ;
თურქეთი – $1.4 მლნ;
ესპანეთი – $1.1 მლნ;
ბელგია – $748 ათასი;
პოლონეთი – $748 ათასი.
წლების განმავლობაში რუსეთი სასუქების მთავარი მომწოდებლის პოზიციას სტაბილურად იკავებს და წლიურ ჭრილში იმპორტი მზარდია. მიმდინარე წლის იანვარ-მარტში კი რუსული სასუქების იმპორტი 29%-ით არის გაზრდილი.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ რუსეთიდან საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით შერეულ სასუქებს ყიდულობს, ანუ იმ სასუქებს, რომელიც აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობითაა. რუსეთიდან სასუქების იმპორტი ასეთია:
აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით სასუქები – $4.6 მლნ, 9 343 ტონა;
აზოტოვანი სასუქები – $589.5 ათასი, 1 446 ტონა;
კალიუმიანი სასუქები – $64 ათასი, 138 ტონა;
ცხოველური ან მცენარეული სასუქები – $8 ათასი, 40 ტონა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ძირითადად სასუქების ექსპორტიორი ქვეყანაა და გაყიდვები იმპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს სასუქების ექსპორტი 17%-ით, 30 მილიონ 174 ათას დოლარამდე შეუმცირდა. იმპორტისგან განსხვავებით, საქართველო ძირითადად აზოტოვანი სასუქების მწარმოებელი და ექსპორტიორია. შესაბამისად, ექსპორტის შემოსავლების კლებაც ამ ტიპის სასუქების გადაზიდვების შემცირებამ განაპირობა. იანვარ-მარტში საქართველოდან სასუქების ექსპორტი ასე გამოიყურება:
აზოტოვანი სასუქები – $29.9 მლნ, 93 240 ტონა;
აზოტის, ფოსფორის და კალიუმის შემცველობით სასუქები – $252 ათასი, 116 ტონა;
კალიუმიანი სასუქები – $32 ათასი, 1.5 ტონა.
მთავარი საექსპორტო ქვეყანა წელს უკრაინაა.