საქართველოში ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება სკოლის მასწავლებლების სახელფასო საბანკო ანგარიშების „ლიბერთი ბანკიდან“ (Liberty Bank) „საქართველოს ბანკში“ (Bank of Georgia) გადატანის პროცესი. ზოგიერთ მასწავლებელს არ სურს ბანკის შეცვლა, მაგრამ ამბობენ, რომ იძულებულნი არიან ეს გააკეთონ. Jnews შეეცადა გაერკვია ამ პროცესის არსი და ის, თუ რამდენად სავალდებულოა ეს ყველა მასწავლებლისთვის.
Jnews-ისთვის ცნობილი გახდა, რომ არიან მასწავლებლები, რომლებიც ხურავენ თავიანთ სახელფასო ანგარიშებს „ლიბერთი ბანკში“ „საქართველოს ბანკში“ გადასასვლელად. მიუხედავად ამისა, მათ აქვთ შიში, რომ დაკარგავენ „ლიბერთი ბანკში“ არსებულ უპირატესობებს, რომლებიც დაკავშირებულია სესხის პროცენტებთან, საკრედიტო ბარათებთან, უფასო ანგარიშებთან და დეპოზიტების სარგებელთან.
„ბევრ ჩვენგანს აქვს სესხები და სხვა ტრანზაქციები „ლიბერთი ბანკთან“, კმაყოფილები ვართ „ლიბერთი ბანკის“ მიერ გაწეული მომსახურებით და გვაკმაყოფილებს ამ ბანკის პირობები. სხვა ბანკში გადასვლის არანაირი საჭიროება არ გვაქვს, თუმცა გვეუბნებიან, რომ უნდა გადავიდეთ. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, არ გადავიდოდი“, — აღნიშნა Jnews-თან საუბარში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა.
ამ პროცესთან დაკავშირებით არაფორმალური საუბარი გვქონდა „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლებთან. მათ დაადასტურეს, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მათ მიმართავენ „ლიბერთი ბანკში“ ანგარიშების დასახურად, რათა სხვა ბანკში გადავიდნენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ეს სავალდებულოა.
ამ თემასთან დაკავშირებით Jnews-მა სატელეფონო საუბრები გამართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე სკოლების დირექტორებსა და მასწავლებლებთან. ჩვენ ასევე ვცადეთ დაკავშირება „ლიბერთი ბანკისა“ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის (PR) განყოფილებებთან, თუმცა მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს PR სამსახურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის თავისუფალი არჩევანი და თითოეული თავად წყვეტს, რომელი ბანკის მომსახურებით ისარგებლოს და სად აიღოს ხელფასი. არ არსებობს არანაირი ოფიციალური საფუძველი იმისა, რომ მასწავლებლების ხელფასების გადატანა სავალდებულო პირობას წარმოადგენდეს.
ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, თერეზა ჩივჩიანმა ჩვენთან საუბარში ასევე დაადასტურა, რომ ეს პროცესი არ არის სავალდებულო. მისი თქმით, „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებმა პრეზენტაციის დროს სკოლების დირექტორებს სახელფასო პაკეტებთან დაკავშირებით მომგებიანი შეთავაზებები წარუდგინეს, რის შემდეგაც დირექტორები, მასწავლებლებთან ერთად, სრულიად თავისუფალნი იყვნენ გადაწყვეტილებაში — გადაეტანათ თუ არა ანგარიშები.
პრეზენტაციის შემდეგ სხვადასხვა სკოლაში განსხვავებული განხილვები გაიმართა. მაგალითად, ერთ-ერთი სოფლის სკოლაში პერსონალმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებით ესარგებლა.
„პრეზენტაციის შემდეგ კოლექტივთან ერთად გადავწყვიტეთ „ლიბერთი ბანკში“ დარჩენა, რადგან ეს ჩვენი არჩევანია და სავალდებულო არ არის — მე ასე გავიგე. ჩვენ ამ ბანკის პირობები გვაკმაყოფილებს“, – განაცხადა ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორმა.
ქალაქის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლების ნაწილი ბანკს იცვლის, მეორე ნაწილი კი – არა.
„ჩემთვის სულერთია, საიდან აიღებენ მასწავლებლები ხელფასს ან რომელი ბანკის მომსახურებით ისარგებლებენ. მე ჩემს კოლექტივს მივაწოდე ინფორმაცია პრეზენტაციის შესახებ, მათ კი თავად გადაწყვიტეს, „ლიბერთი ბანკში“ დარჩენილიყვნენ თუ „საქართველოს ბანკში“ გადასულიყვნენ. გვყავს მასწავლებლები, რომლებიც გადავიდნენ, და ასევე არიან მასწავლებლები, რომლებიც იმავე ბანკში დარჩნენ“, – აღნიშნა სკოლის დირექტორმა.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადატანის სავალდებულოობის გადასამოწმებლად, სკოლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა კითხვით ზემდგომ ორგანოებსაც მიმართა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო გადასვლის გადაწყვეტილება.
ავტორი არეგნაზ გრიგორიან