საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 847 000 აშშ დოლარის 11,1 მლნ საკვები ქათმის კვერცხის იმპორტი დაფიქსირდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საკვები კვერცხის იმპორტი ნულოვანი იყო.

წელს, საკვები კვერცხის მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო. თუმცა კვერცხის იმპორტი ბელარუსიდანაც დაფიქსირდა.

თურქეთი – 742 700 აშშ დოლარი, 10 მლნ
ბელარუსი – 104 300 აშშ დოლარი, 1 მლნ
კვერცხის იმპორტში როგორც წესი, ძირითადად საინკუბაციო კვერცხი ჭარბობს ხოლმე. თუმცა წელს, ტენდენცია პირიქითაა. იანვარ-მარტში ქვეყანაში 649 100 აშშ დოლარის 2,1 მლნ საინკუბაციო კვერცხი შემოვიდა. ეს გასული რამდენიმე წლის ანალოგიური პერიოდების მაჩვენებლებზე ნაკლებია. მაგალითად, 2025 წლის იანვარ-მარტში 947 900 აშშ დოლარის 3 მლნ საინკუბაციო კვერცხი შემოვიდა. საინკუბაციო კვერცხის საიმპორტო ბაზარიც მხოლოდ თურქეთია.

ცნობისთვის, გასული წლის ნოემბერში მომხმარებლები დახლებზე კვერცხის დეფიციტის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას. მაშინ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებდა, რომ ქვეყანაში კვერცხის დეფიციტი არ იყო და დახლებზე კვერცხის შემცირებული რაოდენობა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული, მათ შორის დასახელდა სასურსათო კვერცხის იმპორტის კლება, სანაშენე ფრინველის შემოყვანის შეზღუდვა და ფრინველის სეზონური ვირუსი.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის ცნობით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირებული იყო და 165 მილიონს შეადგენდა, როცა 2024 წლის მეოთხე კვარტალში 171 მლნ იყო. სწორედ მეოთხე კვარტალში გააქტიურდა საკვები კვერცხის იმპორტიც.