1-ლი მაისიდან აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში ფასების ზრდა იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელმა და გიდმა ვოვა აივაზიანმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ტარიფების გადახედვა სოციალურ და საგანმანათლებლო მიზნებს უკავშირდება – კერძოდ, ადიგენის რაიონის სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო ვიზიტების უზრუნველყოფას და ასტრონომიის პოპულარიზაციას. აივაზიანის თქმით, აღნიშნულ სეგმენტზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მაისის თვე უკვე სრულად დაჯავშნილია.

“გვინდა, ადიგენის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა უფასოდ შეძლონ სტუმრობა. ჩვენი მიზანია, სკოლის მოსწავლეებში ასტრონომიის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, კიდევ სხვა პროექტებიც გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ”, – განაცხადა მან.

ამჯამად ობსერვატორიაში მოქმედი ტარიფების მიხედვით, დღის ტურის ღირებულება (მინიმუმ 5-კაციანი ჯგუფისთვის) შეადგენს: ზრდასრულებისთვის – 10 ლარს, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 5 ლარს, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის – უფასოა.

რაც შეეხება ღამის ტურს, (მინიმუმ 5-კაციანი ჯგუფისთვის) ზრდასრულებისთვის ბილეთის ფასი 20 ლარია, სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – 10 ლარი, ხოლო სკოლამდელი ასაკის ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი პირებისთვის, უფასო.

ობსერვატორიაში ვიზიტორთა ინტერესის ზრდის ტენდენციასაც აღნიშნავენ. აივაზიანის თქმით, 2026 წელი განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა. ის დასძენს, რომ ობიექტში პირველად, ზამთრის სეზონზეც მიიღეს ექსკურსიები, რაც აქამდე პრაქტიკაში არ ხდებოდა.

მისივე განცხადებით, ობსერვატორიას ძირითადად უცხოელი ვიზიტორები სტუმრობენ, თუმცა ადგილობრივების ინტერესიც იზრდება. ტურისტების შორის ჭარბობს ევროპული ბაზრები – განსაკუთრებით გერმანიიდან და გაერთიანებული სამეფოდან ჩამოსული სტუმრები.