2026 წლის 15 აპრილიდან, უცხოურ პლატფორმებზე საბანკო ბარათებით ლარში შესრულებულ გადახდებზე საკომისიო დაწესდება. აღნიშნული ცვლილების შესახებ SMS შეტყობინებები „თიბისი ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებმა უკვე მიიღეს.

ინფორმაციისთვის, უცხოურ პლატფორმებში იგულისხმება ისეთი საიტები და აპლიკაციები, როგორიცაა: Temu, PayPal, Wizzair, Turkish Airlines და სხვა.

აღსანიშნავია, რომ საკომისიო არ ვრცელდება უცხოური ტაქსისა და მიტანის სერვისების (Bolt, Glovo, Wolt, Bolt Food და ა.შ.) ადგილობრივ გადახდებზე.

რაც შეეხება საკომისიოს ოდენობას, 15 აპრილიდან „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ ბარათებით საერთაშორისო პლატფორმებზე გადახდისას, ჩამოგეჭრებათ საქონლის/მომსახურების საერთო ღირებულების 1.5%.

საკომისიო ეხება მხოლოდ ლარში შესრულებულ ტრანზაქციებს და ნებისმიერ შენაძენზე მაქსიმალური თანხა 10 ლარია. ამასთან, საკომისიო არ ვრცელდება 5 ლარზე ნაკლები ღირებულების ოპერაციებზე.

აღსანიშნავია, რომ ცვლილება ეხება ნებისმიერი დებეტური ბარათით შესრულებულ გადახდას (როგორც ფიზიკური პირების, მათ შორის სტუდენტური ბარათების, ისე ბიზნეს-ბარათების შემთხვევაში).

როგორც ბანკების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დამატებითი საკომისიოს თავიდან ასაცილებლად, ნივთის შეძენისას, თუ ონლაინ პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა, გადახდის ვალუტად ლარის ნაცვლად უცხოური ვალუტა უნდა აირჩიოთ.