სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობა იზრდება.

ცვლილებები შედის კანონში „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“. მთავრობამ შესაბამისი ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინა.

პარლამენტის განსახილველად წარდგენილი კანონპროექტის თანახმად:

კაზინოს (ხაზინას) ნებართვის მფლობელებისთვის ჯარიმა 7,000 ლარის ნაცვლად 20,000 ლარით განისაზღვრება.

სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის ჯარიმა 1,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი გახდება.

აზარტული თამაშობების კლუბის ნებართვის მფლობელებისთვის ჯარიმა 2,000 ლარის ნაცვლად 10,000 ლარი იქნება.

სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) თამაშობების მოწყობის ნებართვის მფლობელთათვის ჯარიმა 7,000 ლარის ნაცვლად 20,000 ლარამდე იზრდება.

როგორც მთავრობა განმარტავს, მოქმედი ჯარიმები არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს სათანადო პრევენციას. „ხშირ შემთხვევაში, მფლობელისთვის ეკონომიკურად უფრო ხელსაყრელია დაარღვიოს სანებართვო პირობები და გადაიხადოს ჯარიმა, ვიდრე სრულად დაიცვას დადგენილი მოთხოვნები“, — აღნიშნავს მთავრობა.

პროექტი ფინანსთა სამინისტროს მიერ არის მომზადებული.