№18 მაჟორიტარულ ოლქში (ახალქალაქი და ნინოწმინდა) უკვე ფორმირებულია სპეციალური საარჩევნო კომისიები, რომლებიც თვითიზოლირებულთათვის მხოლოდ გადამტანი ყუთით იმუშავებენ.


ახალქალაქში და ნინოწმინდაში თვითიზოლირებულებისა და კარანტინში მყოფთათვის დამატებითი სპეციალური საარჩევნო კომისიები უკვე შექმნილია. ახალქალაქში სპეციალური კომისიის ოლქი 18.40.71 ნომრით №1 საჯარო სკოლაში მდებარეობს. ნინოწმინდაში სპეციალური ოლქის ნომერია 18.41.38, ის ძველი საავადმყოფოს შენობაში მდებარეობს. კომისიებში 12 ადამიანია. თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი იქნებიან მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენები, რამდენიმე ჯგუფად განაწილდებიან და იმ ამომრჩევლების მისამართებზე წავლენ, რომლებიც იზოლაციაში არიან, ან არჩევნებში იზოლაციის ადგილიდან მონაწილეობის განაცხადი შეიტანეს.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანის თქმით, კომისიის წევრებმა უკვე გაიარეს ტრენინგი და უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტანსაცმლით.

“განმცხადებელთა რაოდენობის შესახებ მონაცემებს მოგვიანებით მივიღებთ, მონაცემები არ გვაქვს, რადგან ხალხი ცესკო-ში რეგისტრირდება”, – განაცხადა ჰასმიკ მარანგოზიანმა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ფორმირებული იყო 71 ოლქი, რომელთაგან 8 ქალაქშია, მათ შორის სპეციალური ოლქი, ხოლო დანარჩენები – სოფლებში. საარჩევნო ოლქები ძირითადად სკოლის შენობებშია გახსნილი.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში არჩევნებისათვის ფორმირებულია 38 ოლქი, რომელთაგან 4 მდებარეობს ქალაქში, დანარჩენები – სოფლებში.