სოფელ ოკამში ტრანსპორტის არარსებობა მოსახლეობისთვის არაერთ პრობლემას ქმნის. ხალხი, ძირითადად, ტაქსით ან საკუთარი ავტომობილებით სარგებლობს, რასაც დამატებითი ხარჯები მოყვება. ბევრი ადამიანი ტრანსპორტის არარსებობის გამო არაფორმალური განათლების მიღებაზე უარს ამბობს. ტრანსპორტის პრობლემა, რომელიც მრავალი წელია ვერ გვარდება, საზოგადოების განვითარებას ზღუდავს.
ტრანსპორტის არარსებობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოქმედებს, ადამიანებს დასაქმების, განათლების შესაძლებლობის, აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გარეშე ტოვებს. სოფლიდან ქალაქში ჩასვლის სირთულე იწვევს სოციალურ იზოლაციას და დიდ ხარჯებს, განსაკუთრებით იმ ოჯახებს, რომლებსაც საკუთარი მანქანა არ ჰყავთ.
ანჟელა მალხასიანს და მის დას მოუწიათ უარი ეთქვათ ქალაქში ცეკვის გაკვეთილებზე, სანამ საკუთარი მანქანა არ ეყოლებოდნენ.
„სანამ მამაჩვენმა მანქანა არ იყიდა, დასთან ერთად ცეკვაზე სიარულზე უარის თქმა მოგვიწია, რადგან ტრანსპორტი არ იყო. ახლა, როცა თბილისიდან სოფელში მივდივარ, ახალქალაქში ვრჩები და მამაჩემის ჩამოსვლას ველოდები. ტრანსპორტი რომ ყოფილიყო, სოფლამდე მარტივად მივიდოდი“,- ამბობს ანჟელა.
ათწლეულების განმავლობაში სოფლის მოსახლეობას ტაქსის მაღალ ფასებსა და მიუწვდომელ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ადაპტაცია უწევდა.
ტაქსი ოკამიდან ახალქალაქამდე 20-25 ლარი ღირს.თუმცა, სოფლის უფლებამოსილი პირის თქმით, სახელმწიფო ტრანსპორტს მხოლოდ 5 ლარით შეეძლო მუშაობა. ხაზის აღდგენის შემთხვევაში ეს სოფლის მცხოვრებთათვის დიდი მხარდაჭერა იქნება.
სოფლის უფლებამოსილი პირის, უშანგი ოქროაძის, თქმით, ახალქალაქი-ოკამი-გოგაშენის მიმართულებით ახალი სატრანსპორტო ხაზის გახსნა 2024 წელს იგეგმებოდა, თუმცა გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო პროცესი დროებით შეჩერდა.
„ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა და საკრებულოს წევრებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი სოფელი ერთ-ერთი ავტობუსით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. დაგვპირდნენ, რომ ხაზი გაიხსნებოდა. თუმცა, ზოგიერთმა გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ დროებით შეაჩერა ეს პროცესი. იმედებს ვამყარებთ მერიაზე, რომელმაც 2025 წლის ბიუჯეტში პროექტი უნდა დაამტკიცოს“, – ამბობს სოფლის გამგებელი.
ჰნაზიკ ავეტისიანი, რომელიც სტუდენტური წლებიდან აწყდება ტრანსპორტის პრობლემას, ყვება:
„სახლში ტრანსპორტი არ გვქონდა და როცა სოფელში ტრანსპორტი შეჩერდა, ოჯახს ძალიან გაუჭირდა. სტუდენტობისას ქალაქში ძირითადად რძის შემგროვებელი მანქანით დავდიოდი, რაც სახიფათო იყო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ ყოფილიყო, ქალაქში ბინის დაქირავება არ მომიწევდა“.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს სწორედ ჰნაზიკ ავეტისიანმა წარუდგინა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ (Jnews) ახალგაზრდული ჯგუფის პეტიცია, სადაც ქალაქსა და რეგიონის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნაზე იყო საუბარი.
მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ 2024 წლის ბიუჯეტიდან ავტობუსების შესაძენად თანხას გამოყოფენ. თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო, თანხების გამოყოფა მუდმივად ჭიანურდებოდა და მხოლოდ წელს, 2024 წლის ნოემბერში, განხილვის შედეგად საბოლოოდ გადაწყდა, რომ 2025 წლის ბიუჯეტში ავტობუსების შესაძენად თანხა შევიდეს.
ადრე, 2015 წლამდე ჰოკამში კვირაში ორჯერ სატრანსპორტო ხაზი ფუნქციონირებდა. თუმცა ბენზინზე გაძვირების და მოსახლეობის რაოდენობის გამო ის შეჩერდა.
„ამ პრობლემას დიდი ხნის ისტორია აქვს. ვიმედოვნებთ, რომ სატრანსპორტო ხაზი მერიის ხელშეწყობით აღდგება. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და მომუშავე მოსახლეობისთვის“, – აღნიშნავს სოფლის უფლებამოსილმა პირმა უშანგი ოქროაძემ.
სოფელ ოკამის მოსახლეობისთვის ტრანსპორტის ნაკლებობა არა მხოლოდ გადაადგილების პრობლემაა, არამედ საზოგადოების განვითარების შემაფერხებელიც. ტრანსპორტის დანერგვა ხელს შეუწყობს არა მხოლოდ მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, არამედ სოფლის ეკონომიკური აქტივობის ზრდას.
ნარინე ზაქარიან