ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი „ავტობუსების შესყიდვის“ ხარჯებს ითვალისწინებს, რომლებიც მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სატესტო ფუნქციონირებას მოხმარდება.
2025 წლის ბიუჯეტის პროექტში „ავტობუსების შესყიდვის“ პუნქტზე 500 000 ლარია გამოყოფილი. საკრებულოს კომისიის სხდომაზე, რომელზეც ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, მერიის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ეს თანხა სოფლების ერთი მიმართულებით მომსახურეობისთვის 2-3 ავტობუსის შეძენას ისახავს მიზნად. კონკრეტულად რა მიმართულებაზეა საუბარი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 17 მაისს, ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ (Jnews) ახალგაზრდული ჯგუფის პეტიცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევიდა. პეტიცია ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელის შექმნას ეხებოდა.
საკრებულოში დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ნამდვილად სჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის იდეა მოიწონეს. საკრებულოს ბიურომ პეტიციის იდეა დაამტკიცა და დოკუმენტი მერიას გადაუგზავნა პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლო გზების შესამუშავებლად. მერიაში ამ იდეას გაგებით მოეკიდნენ, მაგრამ მის წინააღმდეგაც ბევრი არგუმენტი გააჩნდა, მათ შორის, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა უგზოობა, სასმელი წყალი და მითუმეტეს, რომ შეუძლებელი იქნება ერთდროულად ყველა სოფლის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს. თუმცა, საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი ერთეული ტრანსპორტის შესაძენად 200 000 ლარი გამოეყოთ და ერთი მარშრუტი გაეშვათ, რომ ენახათ, რამდენად გაამართლებს. ხაზის გაუმართაობის შემთხვევაში ტრანსპორტი სხვა მუნიციპალური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
ამის შემდეგ Jnews-ი ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული იყო და პერიოდულად ეკითხებოდა მერიას, 2024 წლის ბიუჯეტში იქნება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფის საკითხი ასახული, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ გასულ 2023 წელს ახალქალაქის მერიამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მსგავსი მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის ვარიანტების განხილვას დაპირდა, 2024 წლის ბიუჯეტში ეს მუხლი არ იყო გათვალისწინებული. მერიაში ამტკიცებენ, რომ დაპირება 2024 წლის განმავლობაში საბიუჯეტო ცვლილებების ან გრანტებით თანადაფინანსების შესაძლებლობის შედეგად შესრულდება. შედეგად, 2025 წლის ბიუჯეტში ავტობუსების შესყიდვის პუნქტი გაჩნდა და იმაზე მეტი თანხა გამოიყო, ვიდრე შარშან ვარაუდობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ხოფანის (საზღვარგარეთ მუშაობის) სეზონზე, როდესაც მოსახლეობის მამრობითი ნაწილი სამუშაოდ მიდის, ხოლო ტაქსის მომსახურება ძალიან ძვირი ღირს.