“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი ახალ სპორტულ ინვენტარს შეიძენს. მუნიციპალიტეტმა სპორტული ინვენტარის შეძენის ტენდერი უკვე გამოაცხადა.
გუშინ, 7 ოქტომბერს, ახალქალაქის მერიამ, სოფელ ვაჩიანის, კუმურდოსა და არაგვასათვის სპორტული ინვენტარის შესაძენად 15 352 ლარის ტენდერი გამოაცხადა. წელს სოფელ არაგვამ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 16 000 ლარი მიიღო, ვაჩიანმა და კუმურდომ კი 20 000 ლარი მიიღეს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვაში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გასულ წელს დაწყებული ხიდის მშენებლობა დაასრულეს. დარჩენილი სახსრებით სოფლისათვის ახალ ინვენტარს შეიძენენ. სოფელ ვაჩიანში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოაპირკეთეს გზები და სპორტული მოედანი, დარჩენილი სახსრებით ასევე ახალ სპორტულ ინვენტარს შეიძენენ.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეების უფროსის ვალერი სტელმაშოვის თქმით, პრიორიტეტებს სოფლის მოსახლეობა არჩევს.
მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან, ზოგიერთ სოფელში სამუშაოები უკვე დასრულებულია, ზოგიერთ სოფელში სამუშაოები პროცესშია, ან ჯერ დაწყებულიც არ არის. როგორც მერიიდან შეგვატყობინეს, დაახლოებით ნახევარი უკვე დასრულებულია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” დაახლოებით 922 000 ლარი მიიღო.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი ყველაზე მცირე თანხა 10 000 ლარს, ხოლო ყველაზე დიდი თანხა- 20 000 ლარს შეადგენს. ასევე, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, სოფლები 12 000 ან 16 000 ლარს ღებულობენ. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა” საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო და ორწლიანი (2017, 2018) ინტერვალით 2019 წელს, კვლავ განახლდა.