ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის მაცხოვრებლები ისევ ჩივიან, რადგან ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე საფელსა და საძოვრებს შორის საქონლის გასარეკი გამყოფი გზა ჯერაც არ არსებობს. გზა, რომელიც მოსახლეობისათვის არის განკუთვნილი ასევე არაა გამოსადეგი.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა გაყვანილია სოფელსა და საძოვრებს შორის. დადეშის მაცხოვრებლები მას იყენებენ, თუმცა საქონელი ვერ გადადის გზაზე, რადგან მშენებლობისას გზა საგრძნობლად ამაღლდა.
საქონლის გადასარეკი გზა შპს “მარაბდა-კარწახს” უნდა აეშენებინა, კომპანიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით ის აშენდა კიდევაც. “აღნიშნულ სოფლებში პროექტით გათვალისწინებული საქონლის გასარეკი 7 გზა აშენდა”.
დადეში-სულდას მონაკვეთზე , სოფლის მაცხოვრებლების თქმით, აშენდა საქონლის გასარეკი ერთი გზა, თუმცა ამისთვის მოუხერხებელი ადგილი იყო შერჩეული და ვერცერთი სოფელი მას ვერ იყენებს. სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, მათ ერთ-ერთმა თანასოფლელმა აღნიშნულ გზაზე გადასვლისას ფეხიც კი მოიტეხა. რაც შეეხება საქონელს, აქ კიდურების მოტეხილობის ფაქტი არაერთხელ მომხდარა.
სოფელ დადეშში მერის წარმომადგენლის ედგარ თუმასიანის თქმით, საქონლის გასარეკი გზა ჯერ არ არის აშენებული. “ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე მივმართეთ შესაბამის ორგანოებს, თუმცა ამაოდ”,- ამბობს ედგარ თუმასიანი.
სოფლის მაცხოვრებლების მტკიცებით, მათ პრობლემის მოგვარებას შეპირდნენ, მაგრამ პირობა არ შეასრულეს.
სამშენებლო კომპანიის პროექტით გათვალისწინებული საავტომობილო გზა აშენებულია რკინიგზის ხაზთან, სოფლის არსებული გზიდან დაახლოებით 200 მეტრში.
სოფლის მოსახლეობა ჩივის, რომ მშენებლებმა მათი აზრი არც კი იკითხეს და გზა მოუხერხებელ ადგილას ააშენეს . “რატომ ააშენეს ასე შორს, სადაც ირგვლივ სულ დაჭაობებულია. უბრალოდ ეს მათთვის მოსახერხებელი იყო და ასე ხარჯიც ნაკლები იქნებოდა. ჩვენ ვიჩივლეთ, თუმცა არავინ გაგვცა პასუხი და არც ყურადღება მოგვაქცია”,- ამბობს სოფელ დადეშის მკვიდრი.
სოფლის მოსახლეობის მტკიცებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანები დაიწყებენ ახალი გადასასვლელით სარგებლობას, მატარებლის ამუშავებისთანავე ზამთრის პერიოდში გზას ვეღარ გამოიყენებენ.
” ჩვენ ზამთარში ნამდვილ ჩიხში აღმოვჩნდებით. გზა ჩაღრმავებულია და გარშემო ორივე მხრიდან არის ბორცვები. დაგვპირდნენ რომ, ახალ გზას ააშენებენ როგორც კი ამუშავდება რკინიგზა”,- ამბობს ედგარ თუმასიანი.
სოფლის მოსახლეობის თქმით, ეს არის ერთ-ერთი პრობლემა დანარჩენ არსებულთა შორის.
“ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, უბრალოდ ვითხოვთ ერთ-ერთის მოგვარებას”,- ამბობს სოფლის მაცხოვრებელი.
შეგახსენებთ, რომ სამშენებლო კომპანიის პრეს-სამსახურში გვაცნობეს, რომ “აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობამ უნდა მიმართოს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელთანაც შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზას” აქვს აქტიური კომუნიკაცია.
მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის თქმით, მათ მიეწოდათ ინფორმაცია სოფელ დადეშის პრობლემის შესახებ, რისი მოგვარებისათვისაც ისინი ყველაფერს გააკეთებენ. მისი მტკიცებით, პროექტი უნდა გამოითხოვონ კომპანია “მარაბდა-კარწახისაგან”, რათა იხილონ შესაბამისობაშია თუ არა ყველაფერი.
“თუ ყველაფერი პროექტის შესაბამისადაა გაკეთებული, ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით”,- ამბობს არმენ მარანგოზიანი.
მისი თქმით, ისინი ამ საკითხს დააყენებენ, თუმცა პირობას არ იძლევიან, რომ მას უთუოდ მოაგვარებენ, რადგან ეს მათ კომპეტენციაში არ შედის.