ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც ქალაქის მთავარ სამმართველოში წუხელ დაკავებულები მოინახულა და ასევე გაესაუბრა იმ პირებს, რომლებიც ჯერ სამმართველოში არ განუთავსებიათ და მანქანებში არიან დაყოვნებულები.

იოსელიანის განცხადებით, იზოლატორში მყოფი 13 პირიდან 11 სასტიკ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს.

ომბუდსმენის თქმით, მათ დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ.

„ამ იზოლატორში, სადაც მე ვიყავი ახლა შესული, მოვინახულე ყველა დაკავებული, ვინც აქ დამხვდა, მათ შორის, ის ადამიანებიც, რომლებიც ელოდებიან შესახლებას. 13-ზე მეტი ადამიანია ამ წუთში, ვინც ამ იზოლატორში იმყოფება და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, ორის გარდა, უთითებს ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.“- განაცხადა ომბუდსმენმა.

მან პოლიციელებს მოუწოდა დაკავების დროს თავის უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.

„პოლიციას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ როდესაც ადამიანებს აკავებენ, არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ. ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა. შეიძლება ვიღაცამ დააშავა, მაგრამ იმ ადამიანს კანონით უნდა მივუდგეთ და არა ლინჩის წესით, რომ მიხვიდე და სახეში მუშტები ურტყა, ასეთი რამე დაუშვებელია. ეს ვნახე მე ჩემი თვალით, რომ შემოვედი აქ. დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ სხვაგანაც აქვთ ასეთი დაზიანებები”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.