
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გათბობის სეზონი დიდი ხანია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი თახჩა გაზიფიცირებულია, გაზი მოსახლეობის სახლებამდე ჯერ არ მისულა. სახლებს ათბობენ ძველი მეთოდით – შეშის ღუმელებით, რომლებშიც ნაკელს წვამენ. გაზგამანაწილებელი კომპანია SJGC-მ მაგისტრალური გაზსადენი სოფელ თახჩამდე გაიყვანა, ახლა ლიცენზიის მიღებას ელოდებიან და თახჩაში მოსახლეობის სახლებს გაზით მოამარაგებენ. SJGC კომპანიის დირექტორის, ვრეჟ ბერიკიანის, თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე ლიცენზიის მიღებას ელოდებიან და თახჩას მოსახლეობის სახლებში გაზს წლის ბოლომდე გაიყვანენ. სოფელ თახჩაში 8 ოჯახი ცხოვრობს.
„ვფიქრობ, ლიცენზიის მიღებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ამ თვის ბოლომდე ლიცენზიას მივიღებთ და ერთ კვირაში გაზს სახლებში გავიყვანთ. ამ ხაზიდან გაზს სოფელ აბულში გავიყვანთ, რომელიც გაზიფიცირებული იქნება სახელმწიფო პროგრამით“, – თქვა ვრეჟ ბერიკიანმა.
სოფელ აბულის გაზიფიცირების პროექტი წელს შემუშავდება, სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება.
„სოფელ თოთხამიდან სოფელ ხულგუმომდე გაზმომარაგების ახალი ხაზი უკვე გაყვანილია. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. ახლა თოთხამი-ხულგუმოს ხაზის განტვირთვისთვის ხულგუმოდან სოფელ დილისკამდე პროექტს ვამზადებთ. ამ ხაზს მოგვიანებით სოფელი დილისკა, კიროვაკანი და კუმურდო შეუერთდებიან“, – თქვა ვრეჟ ბერიკიანმა.
მისი თქმით, სოფელ სულდას ამ სოფლის გაზიფიცირების პროექტი ჯერ არ აქვს, ამ სოფლის გაზიფიკაციისთის საჭიროა ახალი მაგისტრალური გაზსადენის აშენება.
ვრეჟ ბერიკიანის თქმით, წელს კომპანია SJGC-მა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიიდან სოფელ სათხამდე ახალი ხაზი ააშენა, მომავალ წელს კი სათხიდან ნინოწმინდამდე გააგრძელებენ მუშაობას. ეშტია-სათხა-ნინოწმინდის ხაზი SJGC-მ ამ ხაზზე გაზის შესავსებად ააშენა.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში SJGC კომპანიას ამჟამად 18500 აბონენტი ჰყავს.