„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს.
ამასთან, გახარია აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ დაანონსებულ აქციას მისი პარტია შეუერთდება.
„საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გამყარდეს და ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, როგორც ვიყავით აქამდე. ასევე, ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი“, – განაცხადა გახარიამ.
აღვნიშნავთ, რომ ხმების მიხედვით გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მიიღო.
26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, მმართველი „ქართული ოცნება“ ხმების 50 პროცენტზე მეტით პირველ ადგილზეა. 5 პროცენტიანი ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა.