სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში

21 სექტემბერს, თბილისში სომხეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ ორგანიზებით გაიმართა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პირველად შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ღონისძიება რიყის პარკში უნდა გამართულიყო, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო სურბ გევორგის ტაძრის ეზოში გაიმართა.

ღონისძიების დროს საქართველოსა და სომხეთის ჰიმნები, არცახის ჰიმნი გაჟღერდა, წაიკითხეს სრულიად სომეხთა კათოლიკოსის გარეგინ II-ის მილოცვა სომხეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, რასაც მუსიკალური და საცეკვაო წარმოდგენები მოჰყვა.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ თავმჯდომარემ არტურ მირზოიანმა სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, საერთაშორისო თანამეგობრობა, მსოფლიოში ორმაგი სტანდარტები და ის უსამართლობა, რაც ახლა ხდება, იმის დასტურია, რომ ძალა სიმართლეს ამარცხებს. და თუკი ვინმეს უნდა, რომ მას სამართლიანად მოეპყრონ, ის უნდა იყოს ძლიერი.

„არავინ დაგვიცავს ჩვენს გარდა, უნდა გავაცნობიეროთ და გავიაზროთ, რომ უნდა გავერთიანდეთ“, – თქვა მირზოიანმა.

სიტყვით გამოვიდა მღვდელი ტერ კირაკოს სიმონიანიც, რომელმაც თავის სიტყვაში აღნიშნა:

„დღეს უფალს სურდა კიდევ ერთხელ აღენიშნა ჩვენი დამოუკიდებლობის ეს შესანიშნავი დღესასწაული. მადლობა ღმერთს, რომ ამის ერთიანი ფიქრით, ერთი პატრიოტული სულისკვეთებითა და რწმენით უშუალოდ ეკლესიის ეზოში შეკრების შესაძლებლობა მოგვცა. ძალით, სამართლიანობითა და სისხლით ჩამოყალიბებულის შენარჩუნების გაგრძელებით, დიდი ძალისხმევა გაწეულ იქნა იმისთვის, რომ დღეს სომხეთის რესპუბლიკა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი. ამიტომ, ეს პროცესი, ეს 30 და მეტი წელი, ჩვენთვის იყო არა მხოლოდ მშვიდობის წლები, ყოველი წელი რაიმე სახის ბრძოლად ღირდა“.

ხაზს ვუსვამთ, რომ დამოუკიდებლობის დღე სომხეთის ერთ-ერთი სახელმწიფო და ეროვნული დღესასწაულია. დამოუკიდებლობის დღე ყოველ წელს 21 სექტემბერს აღინიშნება.

1990 წლის 23 აგვისტოს სომხეთის უზენაესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ ასსრ დაიშალა და შეიქმნა ახალი სახელმწიფო – სომხეთის რესპუბლიკა. 1991 წლის 21 სექტემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა სსრკ-დან გამოყოფას დაუჭირა მხარი. 1991 წლის ნოემბერში სომხეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად ლევონ ტერ-პეტროსიანი აირჩიეს. სომხეთმა სრული დამოუკიდებლობა იმავე წლის 26 დეკემბერს სსრკ-ს დაშლის შედეგად მოიპოვა.