ახალქალაქის მიქოიანის ქუჩის მცხოვრებლებმა Jnews-ს საკანალიზაციო ღია ჭის პრობლემით მიმართეს. ერთ თვეზე მეტია, რაც ის საფრთხეს უქმნის ავტომობილებს, ბავშვებსა და უბრალოდ ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს.
ახალქალაქის ცენტრში, აგრარული ბაზრის მიმდებარედ მდებარე მიქოიანის ქუჩაზე, ინტენსიური მოძრაობა და პარკირებული ავტომობილები გადაადგილებას ართულებს. ადგილობრივებს ქუჩის მდგომარეობაც აწუხებთ: მიწისქვეშა სამუშაოების შემდეგ მრავალი მონაკვეთი აღუდგენელია, ხოლო საკანალიზაციო ღია ჭა ერთ თვეზე მეტია წყლითაა სავსე, რაც განსაკუთრებით ბავშვებისთვის ქმნის საფრთხეს.
„ბავშვები ამ საკანალიზაციო ჭის გვერდით ჩაივლიან ხოლმე და შიგ იხედებიან. ის ღრმაა და წყლითაა სავსე. ძალიან საშიშია. სულ იმის შიშში ვართ, რომ შიგ ვინმე არ ჩავარდეს. აქ ბევრი ავტომობილიც დაზიანდა: გზა ვიწროა, ჭა კი ღიაა, მანქანები შიგ ვარდებიან და ზიანდებიან“, — ამბობს ქუჩის მცხოვრები სამველ სეხლიანი.
ადგილობრივების თქმით, ერთი წლის წინ მათ ჭა დააბეტონეს, რათა მუდმივი დაზიანებებისა და ჩანგრევისთვის აერიდებინათ თავი და ის უფრო მყარი გავეეთებინათ. თუმცა, ერთ თვეზე მეტი ხნის წინ ჭის თავსახური გაუჩინარდა, რის შემდეგაც ის ღია დარჩა და წყლით შეივსო.
„გვეშინია, რომ ვინმე ჩავარდება. გუშინ საღამოს, საბედნიეროდ, გარეთ ვიყავით. ხანდაზმული მეზობელი გადიოდა და ძლივს მოვასწარით მისი გადარჩენა ჭაში ჩავარდნისგან“, – ამბობს ვლადიმერ წარუკიანი.
მისი თქმით, ადგილობრივებმა პრობლემის მოგვარებაში დახმარების თხოვნით მერიას მიმართეს. საკანალიზაციო ჭის გარდა, მიქოიანის ქუჩის ამ მონაკვეთის მცხოვრებლებს წლებია აწუხებთ გზის პირას გამავალი ღია არხებიც. ისინი გადახურული არ არის, რის გამოც შიგ მუდმივად ვარდებიან როგორც ავტომობილები, ასევე ადამიანები.
„განსაკუთრებით ზამთარში, ყოველდღე ამოგვყავს ამ არხებიდან ჩავარდნილი მანქანები. ავტომობილებს სახლებთან აჩერებენ და არხებში ვარდებიან. გასულ წელს ჩვენი მეზობელი ჩავარდა ღარში და ხელი მოიტეხა. ეს არხები ან ლითონის ბადეებით უნდა დაიხუროს, ან მთლიანად დააბეტონდეს“, — ამბობს ვლადიმერ წარუკიანი.
საკანალიზაციო ჭების მოვლა-პატრონობას „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ახორციელებს. Jnews-მა კომპანიას ჭების მდგომარეობასთან დაკავშირებული შეკითხვებით მრავალჯერ მიმართა. ბოლოს Jnews-მა ოფიციალური ინფორმაციის მოთხოვნა აგვისტოში გააგზავნა, სადაც ღია ჭების პრობლემა დააყენა და რამდენიმე ასეთი შემთხვევის მისამართი მიუთითა. გარკვეული დროის შემდეგ კომპანიიდან უპასუხეს, რომ ჭები დახურული იყო. რეალურად, მოთხოვნაში მითითებულ ადგილებში პრობლემები აღმოიფხვრა, თუმცა დანარჩენი ჭები უცვლელი დარჩა. სავარაუდოდ, მათ შორის არის მიქოიანის ქუჩის ჭაც.
Jnews-მა „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში“ საკანალიზაციო ჭის თავსახურის არარსებობის ფაქტი დააფიქსირა. კომპანიაში პრობლემა დარეგისტრირეს და მისი მოკლე ვადებში აღმოფხვრა დაგვიდგინეს.

