დღეს, 5 სექტემბერს, ახალქალაქში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალქალაქში ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი სიტყვიერი შეხლა-შემოხლით დაიწყო და ჩხუბში გადაიზარდა. მომხდარის ერთ-ერთი მხარე ამ ინფორმაციას უარყოფს.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. დღის ბოლოს „მთავარი არხის“ ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკრებულოს თავმჯდომარე ნაირი ირიციანი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა სცემეს. Jnews-ი დაუკავშირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნაირი ირიციანს, რომელმაც მისი ცემის შესახებ იმფორმაცია უარყო.

„სახლში ვარ სტუმრებთან ერთად. არაფერი მომხდარა. ვკითხე „მთავარის“ ჟურნალისტებს, ვინ უთხრეს ამის შესახებ, თქვეს, რომ ამის შესახებ საკრებულოდან აცნობეს. გუშინ ახალციხეში ვიყავით. საავადმყოფოში მეგობარი მოვინახულეთ, შემდეგ კი მეუღლესთან ერთად სახლში ვიყავით. მართლა არაფერი მომხდარა. ვგავარ ადამიანს, ვისი ცემაც შეუძლიათ? დაწერეთ, რომ დღეს ქალაქის დღე იყო, ვინ სცემეს ან ვინ გალანძღეს, თქვენი საქმე არ არის“, – თქვა ნაირი ირიციანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ნაირი ირიციანი ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, სავარაუდოდ არ იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენ დროს მსგავს ღონისძიებებს ესწრება.