სარგსიანის ქუჩაზე გუსან ავასის ძეგლთან სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაოებზე ტენდერი ახალქალაქის მერიამ 328 056 ლარის ოდენობით გამოაცხადა, ხოლო 308 888 ლარის ოდენობით კომპანია „აბულ 23”-მა მოიგო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება, დეკორატიული ნარგავების გაშენება, ტრენაშორების დამონტაჟება და საბავშვო მოედნების, სკამების მოწყობა, ღამის განათების გაყვანა. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეა. ხელშეკრულებას ხელი 19 აგვისტოს მოეწერა.

კომპანიის წარმომადგენლის ვრეჟ ღაზარიანის თქმით, სამუშაოები ნორმალურად მიმდინარეობს.

„პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, მაქსიმუმ 1,5 თვეში ვგეგმავთ დასრულებას. პარკში იქნება საბავშვო მოედანი, ტრენაჟორები, სკამები და დეკორატიული თაღები. ასევე დავრგავთ 300-მდე დეკორატიულ ბუჩქს, რომელიც ახალქალაქში ჯერ არ ყოფილა“, – კომენტარი გააკეთა მან.

სამუშაოების ღირებულება 328 056 ლარს შეადგენს, სამუშაოებისთვის მერიამ 80 000 ლარი გამოყო, შემდეგ ბიუჯეტში ცვლილებების შედეგად 245 056 ლარი დაემატა.