მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრაციის, ვაქცინაციის, იდენტიფიცირებისა და დაბრუნების, ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის საკითხი წელს სექტემბრამდე გაჭიანურდა. მიმდინარე წლის დეკემბრისთვის 142 ძაღლი უნდა იყო დაჭერილი, თუმცა დღევანდელი დღის მონაცემებით პროცედურა არც კი დაწყებულა.

ძაღლების დაჭერაზე ტენდერი თავდაპირველად კომპანია „დოგი დოკმა“ მოიგო 20 789 ლარის ოდენობით, საწყისი 25 986 ლარით. ტენდერის მიხედვით, 31 დეკემბრამდე 142 მაწანწალა ძაღლის დაჭერა იგეგმებოდა. პროცედურების დასრულების შემდეგ ძაღლების იდენტიფიცირება და დაბრუნება ახალქალაქში, ან საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზია უნდა მომხდარიყო. თუმცა, საბოლოოდ, კომპანია „დოგი-დოკთან“ ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ფაქტია, რომ კომპანიამ ამ პრობლემის მოგვარების სატენდერო პირობებისგან განსხვავებული მეთოდები შესთავაზა და არსებულ სატენდერო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

აღვნიშნავთ, რომ მაწანწალა ძაღლების დაჭერის დაგვიანება ხელს უწყობს კიდევ უფრო გამრავლებას და ძაღლების რაოდენობის ზრდას.

მაწანწალა ძაღლების პრობლემა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ყოველთვის აქტუალურია. ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ მოწოდებული ბოლო მონაცემებით, 1 იანვრიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე 84 თავდასხმა დაფიქსირდა. მათგან მხოლოდ ერთი კატის და ვირთხის კბენა განხორციელდა, სხვა შემთხვევაში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ძაღლები დაესხნენ თავს.