მაწანწალა ძაღლების დაჭერის, სტერილიზაციის, კასტრირების, ვაქცინაციის, იდენტიფიკაციისა და დაბრუნების ან საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიის ტენდერი მეორე ჯერზე შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი ახალქალაქში მაწანწალა ძაღლების პრობლემას რეალურად არ აგვარებს, ტენდერი განხორციელების ეტაპამდე ვერ აღწევს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „დოგი დოქმა“ ტენდერის პირობები გაასაჩივრა.

ტენდერი „დოგი დოქმა“ 20 789 ლარის ოდენობით, თავდაპირველი 25 986 ლარით გაიმარჯვა. ტენდერის მიხედვით, 31 დეკემბრამდე 142 მაწანწალა ძაღლის დაჭერა იყო გათვალისწინებული. პროცედურების დასრულების შემდეგ ძაღლების იდენტიფიცირება და დაბრუნება ახალქალაქში, ან საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზია უნდა მომხდარიყო. თუმცა, ხელშეკრულება კომპანია „დოგი დოქთან“ ჯერ კიდევ არ გაფორმებულა.

ფაქტია, რომ კომპანიამ აღნიშნული პრობლემის მოგვარების სატენდერო პირობებისგან განსხვავებული მეთოდები შესთავაზა და არსებულ სატენდერო მოთხოვნებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ახალქალაქის მერიის სახელმწიფო შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის, როზა იორდანიანის თქმით, აღნიშნული ტენდერის ხელშეკრულება ამ დროისთვის გასაჩივრების გამო არ გაფორმებულა.

„ხელშეკრულება არ არის, რადგან ტენდერია გასაჩივრებული. ამიტომაც ამდენ ხანს გაჭიანურდა ეს საკითხი. ერთ-ერთ მონაწილეს უნდა, რომ მისი პირობები იყოს გათვალისწინებული, რომ ადგილზე ვიმუშაოთ. ამისთვის ადგილი არ გვაქვს, მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ანტისანიტარიული პირობები შეიქმნება. საკრებულოს სხდომას ველოდებით, რათა გავერკვეთ, რას ვიზამთ“, – ამბობს როზა იორდანიანი.

როგორც კომპანია „დოგი დოქის“ დირექტორი პაატა კორძაძე ირწმუნება, კომპანია რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს თეთრიწყაროში, მანგლისში, კოდაში, მხოლოდ თუშეთში 770 ძაღლს ჩაუტარდა პროცედურები. ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული მეთოდი (პროცედურების ჩატარება ადგილზე, თავშესაფარში ტრანსპორტირების გარეშე) მუნიციპალიტეტს ნაკლები ფინანსების დახარჯვით გამრავლების საკითხის მოგვარების საშუალებას მისცემს.

„ტენდერი გამოაცხადეს, ეს ტენდერი ცალსახად თავშესაფრებისთვის არის. მაგრამ ბაზარზე ახლა სხვა რეალიებია. რადგან ვეტკლინიკებიც არიან სტერილიზაციით, კასტრაციით და ვაქცინაციით დაკავებული. ეს სერვისი მხოლოდ თავშესაფრით არ შემოიფარგლება. ჩვენ კონკრეტულად ეს ტენდერი გავასაჩივრეთ. იქ ჟიური იკრიბება. მათ ახალქალაქის მუნიციპალიტეტს მისცეს მითითება, რათა მათ ტენდერს გადახედონ, და ნორმალური ტენდერი გამოაცხადონ, რომელიც კონკურენტებს არ დააზარალებს. ხოლო ახლა ერთ კომპანიასთან გადის, სხვები ვერ მიიღებენ მონაწილეობას“,- თქვა პაატა კორძაძე.

ზუსტად იგივე ტენდერი ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ერთხელ უკვე გამოაცხადა, მაგრამ ტენდერის პირობებში ცვლილებების შეტანის გამო შეაჩერა. მაგრამ საბოლოოდ პრობლემა კვლავ დარჩა. პაატა კორძაძის თქმით, ადგილზე მომსახურება შეიძლება გაცილებით იაფი იყოს და ნაკლები რისკიც ჰქონდეს.

„ჩვენი სერვისები იმით არის უკეთესი, რომ ძაღლი არ იგზავნება თავშესაფარში, სადაც მას შეუძლია ვირუსის აკიდვა და მისი გავრცელება. რასაც ისინი აკეთებენ ერთი წლის შემდეგ, ჩვენ ველით, რომ გავაკეთებთ 3-4 დღეში. თუკი გამრავლებაზე ვისაუბრებთ, ეს არის ყველაზე ეფექტური რისი გაკეთებაც შეგვიძლია. პლიუსი ის არის, რომ ეკონომიური იქნება“, – ამბობს კომპანია „დოგი დოქის“ დამფუძნებელი და დირექტორი პაატა კორძაძე.

ასევე, კომპანიამ მთავრობის შესყიდვების ვებგვერდზე თავის წინადადებებში უმნიშვნელო მოთხოვნების ამოღება შესთავაზა:

  • „განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს სერთიფიკატი ცხოველთა დაცვის ორგანიზაციიდან, სადაც ნათქვამია, რომ განმცხადებლის მიერ დაქირავებულმა მეცხოველემ (მეცხოველეებმა) ცხოველთა დაცვის ორგანიზაციისგან ცხოველის ჰუმანურ და უმტკივნეულო იზოლაციაში შესაბამისი ტრენინგი გაიარა“.
  • „განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველთა თავშესაფარი და ცხოველთა იზოლაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის აღჭურვილი“.
  • „განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან ცხოველთა თავშესაფრის მონიტორინგის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების ასლი, რომელშიც მითითებული იქნება, რომ ცხოველები ცხოველთა დაცვის ორგანიზაციაშიიმყოფებიან. თავშესაფარში და საიზოლაციო მანქანაში მეთვალყურეობის სპეციალისტის განთავსებისა და უსაფრთხოების დაგეგმვა“.