ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ახალქალაქელი ჰაიკ მნაცაკანიანი 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ჰაიკის სპორტულ კარიერაში ეს უკვე მეორე ოლიმპიური თამაშებია.
ჰაიკი არის 2018 და 2019 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ბრინჯაოს მედალოსანი, ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე, 2019 და 2022 წლებში ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი, 2023 წლის ბულგარეთის ჩემპიონი, ასევე მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.
Jnews-მა ჰაიკის შესახებ 2023 წლის თებერვალში დაწერა, მაშინ მან აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი იყო პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.
“მოთმინება, დისციპლინა – იარე წინ, მიაღწიე შენს მიზანს”
დღეს ის უკვე ემზადება ამ შეჯიბრებისთვის, რომელიც 6 აგვისტოს პარიზში გაიმართება.
„როცა ადამიანი შრომობს და ცდილობს, მისთვის არაფერია შეუძლებელი. ვინც საკუთარ თავს თავის საქმეს უთმობს, ყველაფერს მიაღწევს. ეს უკვე მეორე მცდელობაა, მაგრამ მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ ამჯერად გავიმარჯვებ”,- კომემტარს აკეთებს მებრძოლი.
ჰაიკმა ოლიმპიადაში მონაწილეობის ლიცენზია აპრილში მიიღო. ამბობს, რომ ამას წინ საკმაოდ რთული გზა უძღოდა, როცა კინაღამ მიატოვა სპორტი.
„მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილის და ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილის შემდეგ შევჩერდი. როცა პირველ სალიცენზიო ტურნირზე გამიშვეს, ვუთხარი, რომ აღდგენას ვერ მოვასწრებდი, მოსკოვში ჩემს ოჯახთან წასასვლელად დრო ვთხოვე და ვუთხარი, რომ მეორე სალიცენზიო ტურნირში მივიღებდი მონაწილეობას. როცა მოსკოვში წავედი, რწმენა არ მქონდა, რომ დავბრუნდებოდი დიდ სპორტში, ვფიქრობდი, რომ ეს იყო დასასრული, წერტილი. მადლობა ღმერთს, რომ გვერდით საყვარელი ადამიანები მყავდა და აღვდგი, მივხვდი, რომ ყველაფერია შესაძლებელი“, – ყვება ჰაიკ მნაცაკანიანი.
ტოკიოს ბოლო ოლიმპიური თამაშების შემდეგ ჰაიკის მიზანი დაბრუნება და კარგი შედეგის ჩვენება იყო.
“რა თქმა უნდა, წინა ჯერზე კარგად ვერ ვითამაშე და მინდა დავუმტკიცო ჩემს თავს, რომ შემიძლია”, – აღნიშნავს ის.
ოლიმპიადისთვის მზადებაზე საუბრისას ჰაიკმა თქვა, რომ ცდილობს არ გადააჭარბოს და წინასწარ არ გადაიწვას, თუნდაც თამაშების დაწყებამდე.
„ყოველდღე ოლიმპიადაზე არ ვფიქრობ, ერთხელ უკვე ვიყავი ოლიმპიადაზე და დავინახე, რომ ყველაფერია შესაძლებელი, და თუ ბევრს იშრომებ, შეგიძლია ოლიმპიური ჩემპიონი გახდე. ყოველ წამს თუ ვიფიქრებ ამაზე, შეიძლება გადაბიწვა და მთელი ჩემი პოტენციალი ტურნირზე არ გამოვაჩინო. გადამწყვეტი დღე ერთ თვეში იქნება, და, ვიმედოვნებ, ამ დღეს შევძლებ ჩემი თავის განწყობას”,- გვიზიარებს სპორტსმენი.
მიუხედავად ნაჩვენები შედეგისა, ჰაიკი ოლიმპიადის შემდეგ მცირე შესვენებას და სპორტისგან დასვენებას გეგმავს.
„დიდი ხანია სამუშაო პროცწსში ვარ და უნდა დავისვენო, რამდენიმე თვით დავისვენებ და მერე ვნახოთ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ ჩემს თავს სხვა რამეში”,- ამბობს ჰაიკი.
ახალქალაქელი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჰაიკ მნაცაკანიანი 7 წლიდან ჭიდაობს. ის ახალქალაქში დაიბადა და ბავშვობაში ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სპორტში მისი მოგზაურობა დაიწყო. დღეს ის ბულგარეთის დროშის ქვეშ ასპარეზობს.