როგორც უკვე გაცნობეთ, სოფელ კუმურდოს ტაძარში სარემონტო სამუშაოები განახლდა. ამ ეტაპზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის ბოლო ვადა სექტემბერია. დარჩენილ სამუშაოებზე ახალი ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება.
სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის დირექტორის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და არანაირი პრობლემა არ არის.
„ჩვენ მიერ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ამ ეტაპზე დასავლეთ მხარის თაღის აღდგენითი სამუშაოები უნდა ჩავატაროთ. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახალ ელექტრონულ ტენდერს სექტემბრის შემდეგ გამოაცხადებს. სამუშაოს დროს არანაირი პრობლემა არ გვქონია, ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, – Jnews-თან სატელეფონო საუბარში კომპანია ”არქიტექსის” დირექტორმა ვლადიმერ თაფნაძემ თქვა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო Facebook გვერდზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც, ძირითადად ნათქვამია:
„ამ ეტაპზე ტაძრის დასავლეთ ნაწილში ცენტრალურ თაღზე ჰიდროსაიზოლაციო ფენა დაიგება, კედელზე ბროლის ფილების დამონტაჟებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ხოლო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილების ფრთის კუთხეებში მიმდინარეობს სამუშაოები დეკორატიული, რთული ზედაპირის ნაწილების დამონტაჟებაზე.
სამუშაოების მიმდინარე ეტაპისთვის სააგენტომ 836 536 ლარი გამოყო.
ტაძრის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, 2015 წელს დასრულდა რესტავრაციის საპროექტო დოკუმენტაცია, 2016 წლიდან ფონდმა „ქართუმ“ თანდათან დაიწყო ფართომასშტაბიანი სამუშაოები ძეგლის რესტავრაციაზე, კერძოდ, ჩატარდა გაწმენდითი და არქეოლოგიური სამუშაოები.
ტაძრის დასავლეთ ფრთის საძირკველი აწყობილია, დასავლეთის ფრთა და მისი ჩრდილოეთი და სამხრეთი ფრთაც მთლიანად აღდგენილია, ხოლო ტაძრის სამხრეთ კარიბჭე მთლიანად აღდგენილია და ბროლის ფენით (ლორფინის სახურავით) არის დაფარული. აღნიშნულ სამუშაოებზე ფონდმა 1 878 637 ლარი დახარჯა“.
აღსანიშნავია, რომ Jnews-ი არაერთხელ შეეხო ამ თემას და არაერთხელ მიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ ჩვენი წერილები უპასუხოდ დარჩა.
ამ თემაზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ: