„თავშან თაფას” მთაზე მომლოცველობის გარდა, სოფელ ხანდოში წრატონის დღესასწაულიცა პოპულარული, რომელიც ჯავახეთში ყოველწლიურად 6 მაისს აღინიშნება. წვიმიანმა ამინდმა ხანდოს მოსახლეობას წელსაც არ შეუშალა ხელი ეს დღესასწაული სიხარულით აღენიშნათ.

წრატონს ხანდოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ყოველწლიურად ამ დღეს სოფლის მცხოვრებნი, განურჩევლად ასაკისა, იკრიბებიან წმინდა გევორგის ეკლესიასთან, რომელსაც „წრატონის მონასტერი“ ჰქვია. ამ დღეს სოფელში ახალგაზრდები მთელი რაიონიდან იკრიბებიან.

ლეგენდის თანახმად, წრატონის დღეს 7-ჯერ წვიმს. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ეს დღე განსაკუთრებულია, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, როცა რაიმეს აკეთებთ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ისინი, ვისაც სახლში ორსული ჰყავს.

„ჩვენი უფროსი თაობიდან გადმოგვეცა ტრადიცია, რომ ორსულმა არ უნდა იმუშაოს ამ დღეს, რადგან ბავშვი შეიძლება დაიბადოს დეფექტით ან ჰქონდეს სხეულზე კვალი. მაგალითად, წლების წინ, ჩემმა ნათესავმა, ორსულობის დროს, ტანისამოსი გაწელა და მხარზე გადაიგდო, ბავშვი მხარზე ჯვრის ფორმის ნიშნით დაიბადა“, – Jnews-ს მოუყვა ქალბატონი გოჰარი სოფელ ხანდოდან.

სოფელ ხანდოში „წრატონის მონასტერთან“ დაკავშირებული ლეგენდების შესახებ წაიკითხეთ აქ:

ხანდოს სურბ გევორგის ტაძრის სასწაულმოქმედი ძალა (Video)