საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა, სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებმა და სომეხმა სტუდენტებმა პარლამენტის წინ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში აქციის დარბევის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
35 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, მთავრობის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე გაურკვეველი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სხდომამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ აქტი მიიღო.
9 აპრილი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შევიდა, როგორც ტრაგედიის დღე და, ამავე დროს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე.
„ჩვენ დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც შეუერთდა ამ ინიციატივას, რომელსაც სომეხი სტუდენტები ყოველწლიურად ახორციელებენ“, – ჩვენთან საუბარში თქვა აქტიურმა ახალგაზრდამ ჯივან მკრტჩიანმა.