მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქი საქართველოს მაღალმთიან ზონაში მდებარეობს და თოვლისა და ყინვების სიმრავლე აქ ნაცნობი უნდა იყოს და უხვი ნალექის დროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მართვის სისტემა უნდა შემუშავდეს, სისტემა სრულყოფილად ჯერ კიდევ არ მუშაობს. თოვლის გასუფთავებისთვის თანხა გამოიყოფა, პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ პროცესი არაეფექტურია, ან ყველგან არ არის ეფექტური.
2024 წელს მუნიციპალიტეტში და ქალაქ ახალქალაქში თოვლის გაწმენდაზე მუშაობას კომპანია „ჯავახავტოგზა“ ახორციელებს, რომელმაც 2023 წლის დასაწყისში ტენდერი 199 939 ლარის ოდენობით მოიგო. ტენდერის პირობების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, სოფლის გზების გარდა, უნდა გაიწმინდოს ქალაქის შემდეგი ქუჩები: თავისუფლება, ნალბანდიანი, ჩარენცი, თუმანიანი, თამარ მეფე, მაშტოცი, დარბინიანი, მალხასიანი, ჭავჭავაძე, რუსთაველი, მიკოიანი, მარგარიანი, ჯავახიშვილი, გუსან ავასი.
თოვლის გაწმენდის სამუშაოები უნდა მოიცავდეს როგორც გრეიდერით გაწმენდას (მისაბმელიანი ექსკავატორი-გამასწორებელი), ასევე რეაგენტის დაყრას.
უკვე 2-3 დღეა, რაც ამინდის დათბობასთან ერთად თოვლი დნება, თუმცა, იმის გამო, რომ ქალაქის ქუჩები დროულად არ გაიწმინდა, თოვლის დნობის პროცესი მანქანებისთვის და ფეხით მოსიარულეებისთვის კიდევ უფრო საშიში ხდება.
თუ მთავარი გზების, თავისუფლებისა და აღმაშენებლის ქუჩები მეტ-ნაკლებად ნორმალურია გადაადგილებისთვის, ქალაქის სხვა ქუჩებში ქაოსი სუფევს. სადღაც ყინულია, სადღაც თოვლის გორებია, რომლებიც ქვად იქცა, სადღაც თოვლის ფენა ჩამოინგრა და მანქანებისთვის საშიში ღრმა ორმოები შეიქმნა.
ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, ქალაქის ყველა ქუჩა შეძლებისდაგვარად გაწმენდილია, რეაგენტი იყრება.
„დღესდღეობით გაწმენდითი სამუშაოები ქალაქის ყველა ქუჩაზე ტარდება, უბრალოდ თოვლის საფარის გამო ეს არ არის სწრაფი პროცესი, რეაგენტით ვყრით, რომ დადნეს. სხვადასხვა ტექნიკით ვცადეთ, ეს შეუძლებელია. ყველა ქუჩაზე ვიყავით, ნალბანდიანზეც და სხვებზეც, მხოლოდ მთავარზე არა. ზოგ ადგილას მანქანები დგას, რაც ხელს გვიშლის“, – კომენტარი გააკეთა მან.
მერმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქუჩა ნაწილობრივ მაინც არ დასუფთავებულა. მაგალითად, თუმანიანის ქუჩაზე, ქუჩის მცხოვრებლების თქმით, დასუფთავების სამუშაოები საერთოდ არ ჩატარებულა. ამ ქუჩაზე მოძრაობა მაღალია, რადგან ამ ქუჩაზე მდებარეობს ქალაქში ორი სკოლა. ვიწრო ქუჩაზე, იმ საათებში, როდესაც მოსწავლეები მოდიან ან სკოლიდან გადიან, გზა ყოველთვის რთულად გასავლელია მანქანების რაოდენობის გამო, რომლებიც ბავშვებსა და სკოლის მომუშავეებს ატარებენ. თოვლისა და ყინულის გამო ამ ქუჩაზე მოძრაობა გართულებულია.
დიდი თოვლი ახალქალაქში სიახლე არ არის, ბოლო რამდენიმე წელია ნალექი თოვლის სახით ნაკლებია. თუმცა, ახლა ხალხის მოთხოვნილებები უფრო დიდია. თუ ათწლეულების წინ ადამიანები ვერ ახერხებდნენ ავტოფარეხიდან მანქანების გაყვანას, როცა დიდთოვლობა იყო, ახლა ეს წარმოუდგენელია, ამიტომ პასუხისმგებელმა პირებმა რთული სიტუაციების ეფექტურად მართვის მეთოდები უნდა შეიმუშავონ.
გზები თოვლისგან იწმინდება, თუმცა მოძრაობა კვლავ გართულებულია
ახალქალაქში ქუჩები თოვლისგან არ გაიწმინდა – მოუხერხებელია