ახალქალაქის ქუჩებს თოვლს ასუფთავებენ, თუმცა მანქანებისთვისაც და ფეხით მოსიარულეებისთვისაც კვლავ რთულად გასავლელია. თოვლს ქუჩებიდან არ წმინდავენ, უბრალოდ გვერდებში ყრიან. ქალაქში ტროტუარები ძირითადად არ იწმინდება, ახალქალაქის ცენტრში რამდენიმე ადგილას ტროტუარებს სერვის ცენტრი ასუფთავებს, ცენტრალურ ქუჩებსა და სოფლის გზებს კი კომპანია „ჯავახ ავტო გზა“ ასუფთავებს.
ახალქალაქში 6 თებერვალს ძლიერი თოვლისა და შტორმის შემდეგ გზები გაუვალ მდგომარეობაშია, როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეებისთვის. ქალაქში ფეხით მოსიარულეები მანქანებთან ერთად მოძრაობენ, რადგან ტროტუარები თოვლით არის გადაჭედილი.
ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის მხითარ რსტაკიანის თქმით, ისინი მხოლოდ ცენტრალური ქუჩების ტროტუარებს ასუფთავებენ, გაასუფთავეს პარკი, პარკის მიმდებარე ტროტუარები, ასევე მერიის და საკრებულოს ეზო გაასუფთავეს.
„ყველა ტროტუარი გაწმენდილია, თოვლი ქუჩებშია გატანილი. სხვა გზა არ გვაქვს, მანქანებისთვის გზების გაწმენდა არ შეგვიძლია, ასეთი ტექნიკა არ გვაქვს და არც თოვლის ამოღების შესაძლებლობა გვაქვს. ძირითადად ნიჩბით ვმუშაობთ“, – ამბობს რსტაკიან მხითარი.
ახალქალაქის სერვის ცენტრს ორი თოვლის მოსაწმენდი ტექნიკა აქვს.
ჩვენი საუბრიდან რამდენიმე ხნის შემდეგ რსტაკიანმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ მათ იპოვეს სახსრები და თოვლს ცენტრალური ქუჩებიდან ფეხით მოსიარულეებისა და მანქანების მოხერხებულობისთვის უკვე ასუფთავებენ. ჩარენცის ქუჩიდან დაიწყეს, მისი თქმით, ხვალ თოვლს ბაზართან მოასუფთავებენ.
ქუჩები, რომლებიც თოვლისგან გაიწმინდა, სადაც გრეიდერმა გაიარა, ასევე რთულად გასავლელი იყო, რადგან სავალი ნაწილიდან თოვლი გზის ნაპირზე გროვდება, რაც ადგილობრივებისთვის ტროტუარებთან ჩვეულ პარკირების ადგილებს ბლოკავს.
მუნიციპალიტეტის სასოფლო გზებს კომპანია „ჯავახ ავტო გზა” ასუფთავებს.
კომპანიის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ სოფლის გზების თოვლისგან გაწმემდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტში არის, როგორც ღია გზები, ასევე ჩაკეტილი და რთულად გასავლელი.
გზებისა და ტროტუარების თოვლისგან გაწმენდის სისტემა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, არაეფექტურია და უხვი ნალექის პირობებში, სისტემასაც და მოსახლეობასაც პრობლემა ექმნება.