შედარებით დიდმა თოვლმა, რომელიც ახალქალაქში შაბათ-კვირას დადო, ავტომანქანების და ფეხით მოსიარულეების მოძრაობა გაართულა. ქუჩები, რომლებიც თოვლისგან უნდა გაიწმინდოს, არ გაიწმინდა, მიუხედავად საჭიროებისა. როგორც აღმოჩნდა, ამ ქუჩების გაწმენდა “შეუძლეველია, გრეიდერი ვერ იმუშავებს”.
ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია „ჯავახ ავტოგზა“ ახალქალაქის 14 ქუჩაზე, სოფლის გზებთან ერთად, თოვლის გაწმენდას და რეაგენტის დაყრას უნდა ახორციელებდეს. თუმცა, ახალქალაქში ეს ქუჩები თოვლისგან არ გაიწმინდა, ცენტრალურ ქუჩაზე და ზოგ ადგილას რეაგენტი დაიყარა, თუმცა, ზოგადად, ახალქალაქის დათოვლილი ქუჩები მძღოლების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
აღმოჩნდა, რომ როგორც სოფლის გზების შემთხვევაში, ახალქალაქის ეს 14 ქუჩაც არ არის თოვლისგან გაწმენდილი, საჭიროების შემთხვევაში კომპანიას გაწმენდის აუცილებლობის შესახებ ახალქალაქის მერიიდან უნდა აცნობონ. კომპანიიდან გვითხრეს, რომ სანამ მერიისგან მითითებებს არ მიიღებენ, ქუჩების დასუფთავებას ვერ დაიწყებენ.
კომპანია „ჯავახ ავტო გზას“ დირექტორი Jnews-თან საუბარში ამბობს, რომ ქუჩების დასუფთავებაზე მითითება არ ყოფილა.
„თვითნებურად ვერ გავასუფთავებთ, მერიამ უნდა გვითხრას, რომელი ქუჩები გავასუფთავოთ, სად დავყაროთ რეაგენტები. ხოლო ცენტრალურ მაგისტრალს მათ გარეშეც ვასუფთავებთ (ახალქალაქი-ნინოწმინდის ავტომაგისტრალს იგივე კომპანია ემსახურება, ოღონდ სხვა ხელშეკრულების მიხედვით)“, – თქვა კომპანია „ჯავახ ავტო გზას“ დირექტორმა ნოდარ ინასარიძემ.
ახალქალაქის მერიიდან გვაცნობეს, რომ ქალაქის ქუჩების დასუფთავების მითითება იყო, თუმცა სამუშაოები კომპანიას არ შეუსრულებია. ამის შესახებ მერიის კონტროლის სამსახურის უფროსმა არმენ მღდესიანმა თქვა შემდეგი.
„გვიპასუხეს, რომ ქუჩებში ბევრი მანქანა იყო, ქუჩების გაწმენდა შეუძლებელი იყო, ქუჩებში გრეიდერი ვერ შედიოდა. ვუთხარი, დილით ადრე, 5-6 საათზე გაასუფთავონ. მიპასუხეს, რომ ამ დროს შეუძლებელი იყო, ქუჩები გაყინული იყო, გრიდერი ვერ გაასუფთავებდა ყინვის დროს, სანამ ყინვა არ მოლბებოდა და თოვლი არ დარბილდებოდა. საკითხი ის არის, რომ ყველგან მანქანებია. თუ გრეიდერი შევა ქუჩაში ან მანქანებს დაამტვრევს, ან ვერ გაასუფთავებს“, – თქვა მერიის კონტროლის სამსახურის უფროსმა არმენ მღდესიანმა.
მისივე თქმით, ცენტრალურ ქუჩებზე ავარიების თავიდან აცილების მიზნით რეაგენტი იყრება.
არმენ მღდესიანთან საუბრის შემდეგ Jnews-ი კვლავ დაუკავშირდა კომპანიის დირექტორს. ნოდარ ინასარიძემ პირობა დადო, რომ შეისწავლის სიტუაციას და დაამატა, რომ შესაძლებელია ქუჩების დასუფთავება მართლაც შეუძლებელი იყოს.
“ასეთი რამ შეიძლება იყოს, რომ მანქანების გამო გრეიდერმა ვერ მოახერხოს გასუფთავება, გავარკვევ”,- თქვა მან.
ქუჩები, რომლებიც კომპანია “ჯავახ ავტო გზამ” ხელშეკრულების მიხედვით თოვლისგან უნდა გაასუფთავოს და რეაგენტი დაყაროს: თავისუფლება, ნალბანდიანი, ჩარენცი, თუმანიანი, თამარ მეფე, მაშტოცი, დარბინიანი, მალხასიანი, ჭავჭავაძე, რუსთაველი, მიკოიანი, მარგარიანი, ჯავახიშვილი, გუსან ავასი.