ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაპირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ერთი ხაზის საცდელი გაშვებისთვის ტრანსპორტის შეძენის დაპირებული პუნქტი არ არის. თუმცა, Jnews-ს მერიიდან აცნობეს, რომ ამ დაპირების განხორციელების ორი ვარიანტი არსებობს, რაც მოსახლეობის პეტიციის პასუხად გაკეთდა.
მიუხედავად იმისა, რომ გადაწყდა 2024 წლის ბიუჯეტში ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტის შესამოწმებლად ტრანსპორტის შესყიდვაც შეტანილიყო, ხარჯი ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. მერიაში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ აღნიშნული პუნქტი ბიუჯეტის პროექტში არ არის გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოები 2024 წლის განმავლობაში ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად განხორციელდება.
ახალქალაქის მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, ბიუჯეტის მომდევნო კორექტირებისას აღნიშნული მუხლის შეტანის ვარიანტი არსებობს. ასევე არის ტრანსპორტის გრანტის თანადაფინანსებით შეძენის შესაძლებლობა.
„როგორც შევთანხმდით, იმუშავებს ერთი ხაზი. არის მხოლოდ ერთი საკითხი, ჩვენ გრანტზე შევიტანეთ, ველოდებით პასუხს, თუ გრანტს მოვიგებთ, მოვამზადებთ დოკუმენტაციას. გრანტი 60/ 40% თანადაფინანსებას გულისხმობს. ხოლო თუ არ გავიმარჯვებთ, მაშინ ამას მთლიანად ადგილობრივი ბიუჯეტით განვახორციელებთ, ბიუჯეტის მომდევნო კორექტირებაში თანხების გამოყოფით“, – ამბობს ის.
მერმა ასევე გვაცნობა, რომ პარალელურად სხვა მუნიციპალიტეტების გამოცდილების შესწავლის სამუშაოები მიმდინარეობს.
„როგორც კი სატრანსპორტო საშუალება გვეყოლება, შევისწავლით იურიდიულ მხარეს. გვინდა საცდელი ხაზი გავუშვათ, მიმართულება ჯერ არ არის შერჩეული. იყო მოლაპარაკებები, განხილვები, აზრების გაცვლა. დღეს ყველაზე გრძელი ხაზი, სადაც ასფალტიც არის დაგებული სოფელ ბეჟანოსკენ არის, დაახლოებით 10-15 სოფელს მოიცავს ეს მიმართულება. რთულია ორგანიზება, და თან არ ამართლებს. ეს საკითხი რომ იყოს აქტუალური და შედეგიანი, აუცილებლად გადაიქცევა სერიოზულ ბიზნესად, ხალხს შორის მოთხოვნად“, – ამბობს მელქონ მაკარიანი.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ დარგის სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, ახალქალაქის მერი ამბობს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ტრანსპორტის შეძენა შეუძლია. მუნიციპალიტეტს ჰქონდა არჩევანი, ამ მიზნით მოეთხოვა მანქანების შეძენა, მაგრამ ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკის შეძენა აირჩია.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 17 მაისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორგანიზაცია „ღია საზღვრების“ (Jnews) ახალგაზრდული ჯგუფის პეტიცია შევიდა. პეტიცია ქალაქსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მუნიციპალური სატრანსპორტო ქსელის შექმნას ეხებოდა.
ახალქალაქის მოსახლეობამ საკრებულოს პეტიციით მიმართა
საკრებულოში დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალიტეტს ნამდვილად სჭირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მუნიციპალური ტრანსპორტის ქსელის შექმნის იდეა მოიწონეს. საკრებულოს ბიურომ პეტიციის იდეა დაამტკიცა და დოკუმენტი პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლო გზების შესამუშავებლად მერიას გაუგზავნა. მერიამ ეს იდეა გაგებით მიიღო, მაგრამ მის წინააღმდეგაც ბევრი არგუმენტი გააჩნდა, მათ შორის, რომ მუნიციპალიტეტს აქვს ბევრი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა უგზოობა, სასმელი წყალი და მითუმეტეს, რომ შეუძლებელი იქნება ერთდროულად ყველა სოფელში ტრანსპორტირება, რაც თავის მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირების სირთულე. თუმცა, საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთი ერთეული ტრანსპორტის შესაძენად 200 000 ლარი გამოეყოთ და ერთი მარშრუტი გაეშვათ, რომ ენახათ, რამდენად გაამართლებდა. ხაზის გაუმართაობის შემთხვევაში ტრანსპორტი სხვა მუნიციპალური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
ახალქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის გადაწყვეტილებაა მიღებული
ამის შემდეგ Jnews-ი ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული იყო და პერიოდულად ეკითხებოდა მერიას, 2024 წლის ბიუჯეტში იქნებოდა თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის უზრუნველყოფის საკითხი უზრუნველყოფილი, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. ამის შემდეგაც Jnews-ი ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული იქნება, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის საჭიროება სულ უფრო და უფრო მკვეთრად იგრძნობა.