წელს სულდას ტერიტორიულ რაიონში სახელმწიფო პროგრამით მიწის უფასო რეგისტრაცია მარტში უნდა განახლებულიყო, თუმცა პროცესი ჯერ არ დაწყებულა. განრიგის ცვლილების მიუხედავად, პასუხისმგებელი პირები გვპირდებიან, რომ ვადებში ჩაეტევიან.
2022 წლიდან საჯარო რეესტრმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ლეგალიზაციისა და იდენტიფიკაციის პროცესი დაიწყო, რომელიც ეტაპობრივად, გრაფიკის მიხედვით ტარდება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მიწის უფასო რეგისტრაცია, გრაფიკის მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში სოფელ დილისკაში დაიწყო.
სოფელ დილისკას მცხოვრებლების თქმით, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მხოლოდ სახლებისა და გარშემო ნაკვეთები აზომეს. თვის განმავლობაში მოსახლეობის მხოლოდ 17%-ის სახლებს ესტუმრნენ, თუმცა არც მათი რეგისტრაცია დასრულებულა.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, სტატისტიკის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასრულებული რეგისტრაციის 2 შემთხვევა და 63 გაზომვაა დაფიქსირებული. საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ეს მონაცემები „სტატისტიკის“ ველში 2023 წლის თებერვლის შემდეგ არ შეცვლილა. ბოლო თვეების განმავლობაში რეგისტრაციის პროცესის დასრულებაზე ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
მარტში, გრაფიკის მიხედვით, უფასო რეგისტრაცია კარწახის, სულდას, აზავრეთის ტერიტორიულ ერთეულებში უნდა დაწყებულიყო. თუმცა საჯარო რეესტრის თანამშრომლებს პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჯერ არ განუახლებიათ და პროცესი არც სოფელ დილისკაში გაგრძელებულა.
სოფლის მოსახლეობა წუხს, რომ რეგისტრაცია გრაფიკს ჩამორჩება და ჩქარობს, რადგან სოფლის მეურნეობის ყველა სახელმწიფო პროგრამა მოითხოვს, რომ ბენეფიციარების მიწის ნაკვეთები დარეგისტრირებული იყოს.
JNEWS-ის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის თანამშრომლებმა მარტში ამინდის პირობების გამო რეგისტრაციის პროცესი არ განაახლეს. თუმცა იმედოვნებენ, რომ მოასწრებენ, რადგან ჩამოსვლას ერთ თვეში გეგმავენ და დახმარებას მერიასაც სთხოვენ. რეესტრის თანამშრომლებს სოფლებში მერის წარმომადგენლები დაეხმარებიან.
მიწის რეგისტრაციის პროცედურები ახალქალაქში
როგორ მიმდინარეობს მიწის რეგისტრაციის პროცესი დილისკაში