ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უფასო რეგისტრაცია მიმდინარე თვეში განახლდება. გასული წლის ნოემბერში მიწის რეგისტრაციის პროცესი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკაში გაიმართა. ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლებმა დილისკაში სამუშაოების დასრულება ვერ მოასწრეს.
მოსახლეობის თქმით, ერთ თვეში სოფლის მოსახლეობიდან მხოლოდ 17%-ის სახლები და საყოფაცხოვრებო ნაკვეთები გაზომეს. ბოლომდე არც ერთი მცხოვრები არ დარეგისტრირებულა. საჯარო რეესტრის ვებგვერდზე, სტატისტიკის მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში დასრულებული რეგისტრაციის 2 შემთხვევა და 63 გაზომვა ფიქსირდება.
2022 წლიდან 2024 წლამდე მიწის რეგისტრაციის პროცესს საჯარო რეესტრი ახორციელებს. ამ ხნის განმავლობაში მიწებს ეტაპობრივად არეგისტრირებენ, მათ შორის ახალქალაქის მუნიციპალიტეტშიც.
თუ ადამიანს მიწის დარეგისტრირება გრაფიკის მიღმა სურს, მაშინ პროცედურა ფასიანია.
ახალქალაქის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის განრიგი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გასული წლის ნოემბრის განრიგის მიხედვით, თბილისიდან ჩამოსულ სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლებს სოფელ დილისკაში ყველა საცხოვრებელი სახლისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაცია უნდა დაესრულებინათ. თუმცა, ერთ თვეში მხოლოდ 100-110 სახლი გაზომეს, რაც სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 17%-ია.
სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლები მხოლოდ სახლებსა და საყოფაცხოვრებო მიწებს ზომავენ და აეროგადაღებებს იყენებენ, მაგრამ სახლებიდან შორს მდებარე მიწის ნაკვეთებზე ჯერ არ უმუშავიათ.
სოფელ დილისკას ერთ-ერთმა მცხოვრებმა თქვა, რომ ძალიან უნდოდა, მისი საბუთები შემოდგომაზე მოემზადებინათ და სახელმწიფო რეესტრში შეეტანათ, მაგრამ მისი სახლი იმ მხარეს არ იყო, სადაც რეესტრის თანამშრომლებმა რეგისტრაცია დაიწყეს.
“ჯერ ჩვენამდე ვერ მიაღწიეს, სოფლის ზემოდან დაიწყეს. 20 დღე იყვნენ აქ, მე კი დარეგისტრირება სასწრაფოდ მჭირდებოდა, თუმცა მათ ვერ შევხვდი”, – ჰყვება სოფელ დილისკის მცხოვრები.
კარახანიან ფედიას თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ სახლებს და საყოფაცხოვრებო ნაკვეთებს ზომავენ.
„ჩვენი სახლი და მიმდებარე ტერიტორია გადაიღეს. საბუთებს მოვაწერე ხელი, მითხრეს, ერთ თვეში შეტყობინებას მივიღებდი და ველოდები. პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია. მიწის მიღება-ჩაბარების პასპორტი მქონდა, თუმცა საბუთში რაღაც შეცდომები იყო. ჩემს სახლში მყოფი ჯგუფი რუსულად კარგად ვერ ლაპარაკობდა, მე კი ქართული არ ვიცი, კომუნიკაცია გართულდა, მაგრამ რაღაცნაირად ყველაფერი დავალაგეთ“, – ამბობს კარახანიან ფედია.
სოფლის მოსახლეობასთან საუბრისას გავიგეთ, რომ სოფელში ბევრი ელოდა მათთან რეესტრის თანამშრომლების მოსვლას. ყველას სურდა რაც შეიძლება მალე დარეგისტრირებულიყო, რადგან ყველა სასოფლო-სამეურნეო პროგრამა ბენეფიციართა მიწების რეგისტრაციას მოითხოვს.
თითოეულ ოჯახს მხოლოდ იმ 1 ჰა 25 მეასედი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრირება შეუძლია, რომელიც მიწის რეფორმის დროს მიიღო.
მოსოიან ვარაზდატს პასუხი ჯერ არ მიუღია.
„საბუთები მქონდა, მიწის ნაკვეთი და სახლი გაზომეს და უკვე 3 თვე გავიდა, პასუხს ველოდებით, ვნერვიულობთ კიდეც. ჩვენთან მოსულებს, რუსულად ვესაუბრეთ“, – ამბობს მოსოიან ვარაზდატი.
მერიის ქონებისა და დაგეგმარების განყოფილების სპეციალისტი ავაგ არევიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო რეესტრის თანამშრომლებმა მათთვის ხელსაყრელ დროს შეადგინეს გრაფიკი, მაგრამ რამდენად შეძლეს მისი რეალიზება, საკითხავია. ისინი მოსახლეობასთან არ შეთანხმებულან.
„გრაფიკით მუშაობა გაუჭირდებათ, რადგან არასწორად გათვალეს, გრაფიკში ვერ ჩაეტივნენ. სამუშაო ძალიან შრომატევადია, ამხელა სოფლის გაზომვა ერთ თვეში შეუძლებელია. ნოემბერში შრომისუნარიანი კაცები სოფლებიდან ისევ საზღვარგარეთ მიდიან“, – განაცხადა ავაგ არევიანმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო რეესტრმა ახალქალაქის მერიას წერილი გაუგზავნა, რათა იმ პირის მონაცემები მიეღოთ, რომელიც მათ დაეხმარებოდა. ავაგ არევიანმა თქვა, რომ მათ ინფორმაცია გადასცეს, მაგრამ რეესტრიდან ჯერ არავინ დაკავშირებიათ.
სახელმწიფო რეესტრის თანამშრომელმა ნარეკ სარგსიანი, რომელიც სოფელ დილისკაში სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობდა, ამბობს, რომ სამუშაოების დროს პრობლემები არ შექმნილა.
„ჩამოვრჩებით და გრაფიკით ვეღარ ვმუშაობთ. პრობლემები არ გვაქვს, უბრალოდ დრო არ გვყოფნის. ჯერ არც ერთი საქმე არ დარეგისტრირებულა. ნახაზს ვაკეთებთ, იურიდიულ შემოწმებაზე ვაგზავნით. არ ვიცი სოფელ დილისკაში მუშაობას როდის გავაგრძელებთ, სავარაუდოდ, 3-4 თვეში“, – განმარტა სახელმწიფო რეესტრის თანამშრომელმა ნარეკ სარგსიანმა.
დილისკის ტერიტორიული რაიონიდან ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნვერ მოსოიანი ამბობს, რომ მოსახლეობა მოუთმენლად ელის რეგისტრაციას.
სოფელ დილისკას მერის წარმომადგენელი ჰოვანეს გაბრიელიანი განმარტავს, რომ მომუშავენი სამუშაოს დამთავრების გარეშე წავიდნენ.
„ჩვენს სოფელში ერთი სამკაციანი ჯგუფი მუშაობდა. ასეთ მოკლე დროში ყველაფრის დასრულება შეუძლებელი იყო, არა მარტო სახლები და საყოფაცხოვრებო ნაკვეთები, არამედ სოფლიდან შორს მდებარე მიწის ნაკვეთებიც უნდა დაარეგისტრირონ. სოფელში ბევრს არ აქვს მიწის ნაკვეთის პააპორტი. ჯერჯერობით პრობლემა არ გვაქვსა, მხოლოდ აეროგადაღებას და აზომვებს აკეთებენ. პრობლემები მოგვიანებით გამოიკვეთება. მათ საკუთარი პროგრამა ჰქონდათ, მაგრამ ხანდახან დახმარებისთვის მოგვმართავდნენ“, – განმარტა ჰოვანეს გაბრიელიანმა.
სოფლები რეგისტრაციის პროცესს მოუთმენლად ელიან და შიშობენ, რომ ვერ მოასწრებენ. მაგრამ სახელმწიფოს მიზანი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეგისტრაციის დასრულებაა. რამდენად გამართლდება ეს უკანასკნელი მეთოდი, რომელიც 2022-2024 წლებში მოქმედებს, დრო გვიჩვენებს.