ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარეფის მკვიდრმა, ინდმეწარმე არმენ ფამბუხჩიანმა პროგრამა ENPARD2-ში და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) კონკურსში მიიღო მონაწილეობა. გრანტით კი მარცვლეულის კომბაინი შეიძინა. რადგან მარცვლეულის მოსავლის აღებისას მუნიციპალიტეტში საკმარისი ტექნიკა არ აქვთ, კომბაინი მას ძალიან ეხმარება, მაგრამ საჭიროებისას ტექნიკურ პრობლემებს ახალქალაქში ვერ აგვარებს.
მარცვლეულის მოსავლის აღების სეზონზე, რომელიც მუნიციპალიტეტში პიკს აგვისტოში აღწევს, ტექნიკის უკმარისობა აღინიშნება. ხალხი ან ტექნიკის რიგებში დგას, ან იგი სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოჰყავთ, რათა ადგილობრივ ფერმერებს დაეხმარნონ. კონკურსში მონაწილე არმენ ფამბუხჩიანმა საკუთარი თავისა და სხვა ფერმერების დახმარება გადაწყვიტა. ამჟამად, სოფელ ქარცეფში, გოგაშენში, აფნიასა და ოკამში მუშაობს. 1 ჰა მიწა ამ ზაფხულს 250 ლარად მოკრიფა. მისი თქმით, ეს ფასი საბაზროზე დაბალია.
კომბაინი, რომელიც არმენ ამბუხჩიანმა შეიძინა, გერმანული წარმოების “Claas” ბრენდისაა და 80 000 ლარი ღირს. LAG-ის გრანტმა ღირებულების 50% დაფარა, დანარჩენი კი მეწარმემ გადაიხადა. კომბაინმა 3 სეზონი იმუშავა, თუმცა მეწარმეს ჩადებული თანხა ჯერ არ დაუბრუნებია. ტექნიკით კმაყოფილია, მაგრამ ახალქალაქში ნაწილებისა და ტექნიკის სპეციალისტების დეფიციტია.
„ნაწილებს თბილისში ვუკვეთავთ, ჩამოსვლას 2-3 დღე სჭირდება და მოსავლის აღებისას ეს სერიოზული პრობლემაა. კომბაინი უკვე ორჯერ გაფუჭდა“, – განმარტავს არმენ ფამბუხჩიანი.
ახალქალაქში არა მხოლოდ ნაწილების შეძენაა პრობლემა, არამედ სპეციალისტებიც არ ჰყავთ.
„თავად ვსწავლობთ, ვრეკავთ თბილისში, ვაზუსტებთ როგორ დავშალოთ ტექნიკა, როგორ დავაყენოთ ნაწილები. ეს ჩემი პირველი კომბინატია. ვფიქრობდი, რომ მეც და ფერმერებსაც გამოგვადგებოდა, მაგრამ უფრო მეტ პრობლემას შევეჯახე“, – აცხადებს არმენ ფამბუხჩიანი.
ის იმედოვნებს, რომ “Claas”-ის ტექნიკის ექსპლუატაციის ყველა საიდუმლოს დაეუფლება. ახალქალაქში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის პრობლემა აქტუალურია. ძველი ტექნიკა არაეფექტურია, ხოლო ახალი ტექნიკა, რომელიც ძირითადად სხვადასხვა პროექტით არის შეძენილი, ადგილზე ჯერ ვერავის ემსახურება.