იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ რამდენად უშლის ხელს სახელმწიფო ენის არცოდნა მოსახლეობის ინფორმირებულობას, Jnews-მა მუნიციპალიტეტის სომეხი და ქართველი მაცხოვრებელი გამოკითხა. შევეცადედ მოსახლეობისგან გაგვეგო, თუ ადევნებენ თვალყურს ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებას და საიდან ღებულობენ აღნიშნულ ინფორმაციას.

როგორც სომეხი, ასევე ქართველი მოსახლეობის ინფორმირებულობა, მუნიციპალიტეტის სოფლებში, გასულ არჩევნებთან შედარებით, მაღალი აღმოჩნდა.

სოფელ აფნიისა და გოგაშენის მაცხოვტებლების თქმით, მათ იციან, რომ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები შედგება, იციან, ვინ რომელ პარტიას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულ სოფლებში ინფორმაციას ძირითადად ქართული ტელეარხებიდან ღებულობენ.

სოფელ აფნიის მცხოვრების, რეზო მელიქიძის თქმით, ის ინფორმაციას ქართული ტელეარხებიდან ღებულობს, ძირითადად პირველ არხს უყურებს.

როგორც სოფელ გოგაშენის მოსახლეობა ამტკიცებს, დამდეგი არჩევნების თაობაზე სრულიად ინფორმირებულნი არიან. ინფორმაციას აქაც ქართული ტელეარხებიდან ღებულობენ, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამბებს საინფორმაციო გვერდებზე კითხულობს.

“ინფორმაციას სხვადასხვა ვებ-გვერდიდან ვღებულობ, რადგან ინტერნეტით ხშირად ვსარგებლობ”,- ამბობს გიორგი, სოფელ გოგაშენის მცხოვრები. მისი თქმით, ის ინფორმირებულია კანდიდატებისა და პარტიების შესახებ, თუმცა ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში, არჩევნების შესახებ ინფორმირებულობა ასევე აღინიშნა. როგორც სოფლის მოსახლეობა ამტკიცებს, ძირითადად ინფორმაციას JNEWS-ის საინფორმაციო ცენტრიდან ღებულობენ.

სოფელ სულდაში მერის წარმომადგენლის, ზარზანდ კუჯოიანის თქმით, კანდიდატები სოფელში უკვე იყვნენ მისული, საიდანაც სოფლის მოსახლეობამ პროგრამების შესახებ მოისმინა. თუმცა, რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, ძირითად, JNEWS-ის გვერდზე კითხულობენ.

ზემოაღნიშნულ ყველა სოფელში შეკითხვაზე, მონაწილეობას მიიღებენ თუ არა არჩევნებში, სოფლის მოსახლეობა ძირითადად პასუხობს “რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია”. თუმცა, ადამიანებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, ვის უნდა მისცენ ხმა.

როგორც სოფელ სულდის მოსახლეობა ამტკიცებს, მთავარია სწორი არჩევანი გაკეთდეს.